ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია!

სამწუხაროდ, ყოველი ჩვენგანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სოციალურ ქსელში, საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე ინფორმაცია, რომ სიმსივნით დაავადებულ, ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, მრავალშვილიან დედას დახმარება ესაჭიროება...
ჯერ თავად „ამ განაჩენის“ აფიშირება და მერე ამისთვის „მოწყალების თხოვნა“ ასმაგად ამძიმებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
„თითო ლარიც მნიშვნელოვანია“ - ეს ფრაზა ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის. კარგად მესმის ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ხელში უჭირავს საშინელი ანამნეზი და ამ დროს ფიქრობს, საიდან მოიტანოს თანხა სამკურნალოდ... სად წავიდეს და ვის მიმართოს...
მე არ ვარ ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტი, მაგრამ არანაკლების გადატანა მომიხდა ორი წლის წინ. თვიდან-თვემდე შემოწირულობებით ვყიდულობდი საჭირო მედიკამენტებს.
სმენის აპარატის შესაძენად დიდი თანხა მჭირდებოდა. მამაჩემს დავურეკე, ინვოისს გამოგიგზავნი და იქნებ გამგეობაში მიიტანო-მეთქი. მამაჩემმა კი მიპასუხა:
- მამა, იმდენი გაჭირვებული ადამიანის წერილი მიჭირავს ახლა ხელში, ვერ დაითვლი. ზუსტად ახლა შემაქვს ეს განცხადებები და შენ რამეს მოგიხერხებო.
რამდენიმე თვის შემდეგ, სიკვდილის ტოლფასი იყო მამაჩემისგან გაგონილი ფრაზა, რომელიც დედაჩემს უთხრა: "ახლა რაღა გავყიდოთო“...
ამის პარალელურად, იყო ბევრი ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გასაყიდიც არ დარჩა არაფერი... და მე თავს ვიმხნევებდი, რომ სხვას უფრო ვჭირდებოდით... უფრო პრიორიტეტულებს... ბავშვებს, რომლებიც გრძელ თმებზე ოცნებობენ... ტკივილის გარეშე ცხოვრებაზე...
და აი, რამდენიმე წლის შემდეგ, ახლა უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია!
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის მკურნალობას.
- მაშინ ასე არ იყო...
- მაშინ რომ ეს დრო ყოფილიყო...
- ადრე არც ფული იყო, არც ძლიერი კლინიკები...
- ადრე რომ ასე ყოფილიყო, ანანოს გადავარჩენდი!!!
ადრე, სისხლი რომ გვჭირდებოდა ანანოსთვის, ტელევიზიიდან ტელევიზიაში დავრბოდი... საინფორმაციოს ბოლოს ვაცხადებდით... მაშინ არ იყოს მოწოდება სოციალურ ქსელში და არც ასე ხელმისაწვდომი იყო კარგი კლინიკები...
სამომავლოდ გადარჩებიან. იცოცხლებენ... აღარ იტირებენ დედები, მამები იმის გამო, რომ დაფინანსება არაა...
მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა ხშირად საქართველოში ვერ ხერხდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
„ისეთი სერვისები, როგორიც არის თუნდაც პლოტონური თერაპია, დასხივება და ასე შემდეგ, რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, 10 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ... რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე - სამკურნალო მიმართულებით. საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია.
ონკოლოგიურ პაციენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, ისეთი მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისიც მიიღონ, როგორიც პროტონოთერაპიაა.
ყოველწლიურად, სამწუხაროდ, ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.
„ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია სამინისტროს პრიორიტეტია. გასულ წელს, ისრაელის იხილოვის კლინიკასთან, თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე, ესპანეთთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. ამ ეტაპზე, პროექტის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია.
ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისების შეთავაზება მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამდენად პროექტი, რომელიც სამინისტრომ მოამზადა, იმის შესაძლებლობის შექმნის, რომ მათ სრულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, უახლესი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებით. მათ შორისაა, პროტონოთერაპიაა. ასევე, რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ჩარევების წარმოება და სხვა ინტერვენციები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება დამატებითი სერვისი, თუმცა ეს სერვისი იქნება ხსნა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დღეს ეს ძალიან სჭირდება.
საუბარია წელიწადში დაახლოებით, 300 ბავშვზე. ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები. ვფიქრობთ, ეს მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხს.
აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში გვექნება სრულყოფილი და გამართული ბავშვთა ონკოლოგიის სპეციალიზებული ცენტრი, მანამდე მშობლებს შევთავაზებთ ალტერნატივას სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში და შეეძლებათ, ერთ-ერთ კლინიკაში უმკურნალონ.