FDA-მა PTSD-ის სამკურნალო პირველი მოწყობილობა დაუშვა

დდ

FDA-მა PTSD-ის სამკურნალო პირველი მოწყობილობა დაუშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

PTSD-ის სამკურნალო პირველმა მოწყობილობამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) გაყიდვის ნებართვა მიიღო. მოწყობილობა, სახელად Prism, ისრაელურმა კომპანიამ GrayMatters Health (GMH) შექმნა, რომელიც ფსიქიკური დაავადებებისთვის ციფრულ თვითნეირომოდულაციურ თერაპიებს ქმნის. 

PTSD, იგივე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი ემოციური სტრესი იწვევს, მაგალითად: საომარი მოქმედებები, რაიმე სახის ძალადობა ან დაზიანება, ბუნებრივი კატასტროფები, უბედური შემთხვევები და სხვ. აშლილობა ტრავმული მოვლენის მუდმივად განმეორებადი განცდით ხასიათდება, არაერთი შემაწუხებელი სიმპტომით ვლინდება და ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს.

მის სამკურნალოდ შექმნილი Prism ორი ნაწილისგან შემდგარი მოწყობილობაა, რომელიც პაციენტებს ამიგდალის, იგივე ნუშისებრი სხეულის, აქტივობის მართვაში ეხმარება. ტვინის ეს რეგიონი ძირითადად ემოციებისა და მახსოვრობის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.

„როდესაც პაციენტი ამიგდალის აქტივობას ან ამიგდალასთან დაკავშირებულ სიგნალს წარმატებით ამცირებს, მოწყობილობისგან დადებით უკუკავშირს იღებს", - აცხადებს ტალმა ჰენდლერი, თელ-ავივის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებისა და ფსიქიატრიის პროფესორი, რომელმაც ტექნოლოგია შექმნა.

მისი თქმით, Prism პაციენტებს გონებრივი სტრატეგიის დასწავლაში ეხმარება, რომელსაც, თავის მხრივ, ემოციური სისტემა შედარებით მშვიდ მდგომარეობაში გადაჰყავს.

მოწყობილობის შემქმნელები ელიან, რომ იგი აშშ-ის ბაზარზე 2024 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ყველგან არა - მის გამოყენებას ამბულატორიულ და კერძო კლინიკებში შეძლებენ, სადაც სამედიცინო პერსონალს მოწყობილობის მოხმარებას სპეციალურად შეასწავლიან.

შემქმნელები ამტკიცებენ, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში Prism უაღრესად ეფექტიანია.