ძუძუს კიბოს ამ რისკფაქტორს ქალების უმეტესობა უგულებელყოფს

ძუძუს კიბო

უახლესი კვლევის მიხედვით, მკვრივი ძუძუს ქსოვილის ქონა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს მაქსიმუმ ოთხჯერ ზრდის. მიუხედავად ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ამ რისკების შესახებ ქალთა დიდმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. ნაშრომი გამოცემაში Jama Network Open გამოქვეყნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ძუძუს სიმკვრივე ნიშნავს, რომ ძუძუ უფრო მეტად ბოჭკოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილებისგან შედგება, ვიდრე ცხიმისგან. მისი დაფიქსირება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრამის საშუალებითაა შესაძლებელი.

კვლევის ფარგლებში 40-იდან 76 წლამდე 1858 ქალი გამოჰკითხეს. მათ მამოგრაფია ცოტა ხნით ადრე ჰქონდათ ჩატარებული, არ ჰქონიათ ძუძუს კიბოს ისტორია და ძუძუს სიმკვრივის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე ჰქონდათ.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორი იყო ძუძუს სიმკვრივის, როგორც მნიშვნელოვანი რისკფაქტორის, ცნობადობა სხვა მეტად ცნობილ ფაქტორებთან შედარებით, რომლებიცაა: ძუძუს კიბოს მქონე ნათესავის ყოლა, ჭარბი წონა, ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, შვილების არყოლა და ძუძუზე ჩატარებული ბიოფსია.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს სიმკვრივე კიბოს განვითარების 1.2-4-ჯერ მაღალ რისკს უკავშირდება, კვლევის თანახმად, იგი მნიშვნელოვან რისკფაქტორად ცოტა ქალმა თუ აღიქვა. უდიდეს რისკად ცდისპირთა 93% ოჯახში ძუძუს კიბოს ისტორიას ასახელებდა, 65% კი ძუძუს სიმკვრივეზე მნიშვნელოვნად ჭარბწონიანობას თვლიდა.