30 000 წლის წინ ბავშვები თიხისგან სათამაშოებს თავად ქმნიდნენ - კვლევა

სათამაშოები

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორები იყვნენ პალეოლითის დროინდელი ბავშვები? ან რით თამაშობდნენ ისინი?

ჩეხეთში მიკვლეული 500-მდე კერამიკული არტეფაქტი მიანიშნებს, რომ ბავშვებს სათამაშოები მაშინაც ჰქონდათ, თანაც მათ თიხისგან თავადვე ქმნიდნენ. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, 30 000 წლის წინ ხდებოდა.

„ეს კერამიკა უფრო მომცრო ზომისაა, ასიმეტრიულია და ხანმოკლე დროის განმავლობაში განსხვავებული ტექნიკითაა შექმნილი, ვიდრე სხვა მასალისგან დამზადებული არტეფაქტები. ასევე, მათზე შეინიშნება ექსპერიმენტირების უფრო ძლიერი კვალი, ტექნოლოგიურ-სტილისტური ჰეტეროგენულობა და არაპროდუქტიულობა", - აცხადებენ მეცნიერები.

საუბარია ადამიანებისა და ცხოველების ფიგურებზე, რომლებიც დიდი ოსტატობით არაა დამზადებული, ამიტომ სპეციალისტები ასკვნიან, რომ ისინი სწორედ ბავშვების ნახელავია. ავტორები ამბობენ, რომ პატარებისგან მოსალოდნელია, კერამიკაზე მუშაობის სტანდარტულ პროცედურებს ზედმიწევნით არ მიჰყოლოდნენ და ნაკეთობის ფორმაც განსხვავებული გამოსვლოდათ. 

ფიგურების უმეტესობა დაბზარულია, რაც მიუთითებს, რომ ისინი მანამ გამოწვეს, სანამ ბოლომდე მოასწრებდა გაშრობას. საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი ნიმუშის ზედაპირზე თითის ანაბეჭდებიცაა შემონახული და ისინი სწორედ ბავშვებს ეკუთვნით. მეცნიერების თქმით, ეს საშუალებას გვაძლევს უკეთ წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების მიერ მსგავსი ფიგურების შექმნის მტკიცებულებები თითქმის ყველგანაა, არიზონიდან სირიამდე და შუა საუკუნეების ევროპელებიდან თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენებამდე. საინტერესოა, ისიც, რომ ზემოხსენებული არტეფაქტებიდან სამარხში არცერთი უპოვიათ. უმეტესობა გამოსაწვავ ბუხართან ახლოს იყო.