"ვოი, მამულო... შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა" - ტარიელ ხარხელაურის ლექსი ბევრი გაზიარებით

taro

ტარიელ ხარხელაურის ფეისბუქგვერდზე ემოციური ლექსი ქვეყნდება. ხევსური პოეტის პოეზიის მოყვარულებს დიდი სიამოვნება გელით.

***

"დღეს ჩემი ქვეყნის ყველა ძარღვი არის გახსნილი,
და შეუწყვეტლივ მოდის სისხლი ყველა წყლულიდან,
დგას საქართველო დაბზარული და, თავდახრილი,
სხვა საქართველო შემომკვნესის ღრმა წარსულიდან.
იმ საქართველოს დღევანდელი არაფრით არ ჰგავს,
იმ საქართველოს ახლანდელი აღარც ჩრდილია,

გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია.
ვერ შევეგუე ჩემს მამულში სხვა თესლის წანწალს,
არ ეკადრება არც მამულს და არც ჩემს ღირსებას,
სამშობლოს იქით სიყვარული მამულის არ მწამს,
კვნესის გული და სინანულის ცრემლით ივსება.
ვოი მამულო, გაძარცვულო უფლის ტაძარო,
ვოი მამულო, რა მწუხარედ რეკვენ ზარები,
ყველა კარები ჩამოხსნილი მხვდება საძვალის
და ძვალთა ნაცვლად აკლდამებში ჰყეფენ ქარები.

ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკი
არ განკურნულა ყველა წყლული შენი ღიობის,
შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა,
მთელი სამყარო ამ შეშლილი კაცობრიობის.
შენში ვარ - უფრო მენატრები, უფრო მწყურიხარ,
მწუხრისას შენ წინ მუხლს ვიდრეკ და მკერდზე გეხები,
ვოი მამულო, ტკივილებით ისე სრული ხარ,
ჭრიალი მესმის დაღუნული შენი ხერხემლის.

დავიღალე და, შენც დაგღალე მოთქმით, გოდებით,
იმედი უფლის - სხვა საშველი არ ჩანს არსაით,
გავდივარ შენგან, საწყისს ჩემსას ვუახლოვდები,
და მიმაქვს გული, მიმაქვს გული ცივი ქვასავით
- შუაღამეა, ფერგადასულს შევყურებ ცარგვალს,
დედამიწაზე გალეული მთვარის ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ ... უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია..."

ტარიელ ხარხელაური

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული

"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს

რა მზადდება ბათუმში - მარინა დარასელიას მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს