„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გალა კონცერტი გაიმართა

ბათუმი

სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტი „მუსიკალური ბათუმი ერევანში“ გაიმართა.

გალა კონცერტი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის საგალობლით გაიხსნა, რომელიც მის ხსოვნას მიეძღვნა. მუსიკალურ საღამოზე ერთობლივი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“.

მუსიკალური პროგრამის დაწყებამდე აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აღნიშნა, რომ გალა კონცერტი კულტურული დიალოგის ნათელი მაგალითია. მინისტრის განცხადებით, ხალხთაშორის სიყვარული და პატივისცემა სწორედ ის ღირებულებაა, რაც ქმნის ურთიერთობების უწყვეტ დინამიკას და მიზიდულობას. ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში, გიორგი შარვაშიძემ. მუსიკალური პროგრამის ფარგლებში ქართველმა ხელოვანებმა შეასრულეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ჯანსუღ კახიძის, ვაჟა აზარაშვილის, ვიქტორ დოლიძის, ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები, ასევე, ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერები. აჟღერდა ცნობილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის „ვალსი“ და სომხური სიმღერა „ერევნი“. კლასიკური მუსიკისა და ქართული მრავალხმიანობის ჰარმონიულმა ჰანგებმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გალა კონცერტს ესწრებოდნენ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  აჭარის კულტურის სამინისტროს, სომხეთში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, ერევანში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები - ელჩები და კონსულები, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. გალა კონცერტამდე აჭარის კულტურის მინისტრი ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ასევე, სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.