"მე ეს დუმილი უნდა დავარღვიო!" - რა სიახლეს გვიმხელს მაკა შალიკაშვილი

maka

ამირან შალიკაშვილის პოეზია გაგიგიათ? აქამდე მხოლოდ პანტომიმის ჯადოქრად ვიცნობდით? თურმე, რა ლექსები აქვს!

პანდემიის დროს მაკა შალიკაშვილი რომ პოეზიამ "გაიტაცა" გეცოდინებათ. მის მიერ არაჩვეულებრივად წაკითხული ლექსებიდან წამოსული ემოცია და მუხტი იოლად გადამდებია. მის ვიდეოებს დიდი აუდიტორია ჰყავს. ახლა ამირანის პოეზიას "მიადგა"! მიადგა და მასთან "თანამშრომლობა" განიზრახა. სურს პანტომიმის გენიოსი (რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა) პოეტად გააცნოს საზოგადოებას.

22 მარტს, ამირანის დაბადების დღეზე, ჩატარდება ამირან შალიკაშვილის პირველი შემოქმედებითი საღამო, მის გარეშე... მაკა ლექსებს (სხვა მსახიობებთან ერთად) წაიკითხავს... და პანტომიმის მეფის დუმილს დაარღვევს.

მანამდე "პრაიმტაიმის" მკითხველს მაკა დიდ მოგვარეზე უყვება...

მაკა შალიკაშვილი: - ნათესაური კავშირი არ გვაქვს, მხოლოდ მოგვარეები ვართ. ერთხელ სოფო ლობჟანიძემ, პანტომიმის თეატრის მსახიობმა, ამირანის ბოლო დაბადების დღეზე მიმიყვანა. 79 წლის გახდა იმ დღეს. მაშინ დაგვიბარა - თქვენ, შალიკაშვილები, ერთად უნდა იყოთო. მისი შვილები და მე მიგულისხმა. მაშინ გამიკვირდა, ერთად როგორ უნდა ვიყოთ, მე ხომ არ ვარ პანტომიმის თეატრის მსახიობი; ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ სხვა მხრივ რანაირად-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ მას 14 წიგნი აქვს დაბეჭდილი, გადავწყვიტე, ლიტერატურის კუთხით გამეცნო ის საზოგადოებისთვის. ამირანის ბოლო კრებული - "დუმილის შემდეგ", მისმა ვაჟებმა გამოუშვეს, რადგან თავად უკვე ვეღარ მოესწრო გამომცემლობაში დატოვებული მასალის კრებულად ქცევას. 

მე ეს დუმილი უნდა დავარღვიო! 

22 მარტს პირველად ვისაუბრებთ ამირან შალიკაშვილზე, როგორც პოეტზე. მას მხოლოდ პოეტური კრებულები კი არ აქვს გამოცემული, არამედ აქვს პიესები, მოთხრობები. ამდენად შეუსწავლელია მისი ლიტერატურული შემოქმედება, სადაც დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო რამ იქნება... 

პატარა ბიჭი იყო აკაკი ხორავასთან რომ მეგობრობდა. საოცრად კითხულობდა ლექსებს. თურმე, აკაკის დაჰყავდა თავის წრეში და ლექსებს აკითხებდა. მამა ადამ ახალაძე ამბობდა ხოლმე, ეს კაცი ხმას არ უნდა იღებდეს და სხვები ლაპარაკობდნენო? საოცარი მეტყველება ჰქონდა, დიდებული მკითხველი იყო...

საერთოდ მარტი მის თეატრში პანტომიმის თვედ ითვლება. 

ლისზე, პლასტიკის საერთაშორისო ცენტრში (მერიამ გადასცა პანტომიმის თეატრს), პლასტიკაზე დაუფლება ყველა მსახიობს შეეძლება. 

სიტყვა სხეულიდან იბადება. სხეულის ფლობა და მისი ენის ცოდნა ყველა მსახიობს სჭირდება. ეს ცენტრი გვექნება ჩვენ, მთელს მსოფლიოში უნიკალური და იმგვარად მაღალი სტანდარტების, როგორიც ამირან შალიკაშვილს ეკადრება.

ამდენად, აღმოჩნდა, რომ წლების შემდეგ, ამირანის ლექსებმა მართლა გაგვაერთიანა შალიკაშვილები. მე მისი ტექსტები უნდა გამოვიტანო სამზეოზე და უნდა უკვდავყო. როგორადაც შემეძლება, ისე აღვასრულებ დიდი ამირან შალიკაშვილის დანაბარებს...