1733169705
Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე
გიო ხუციშვილს ხუთი წლის წინ, 29 მაისს ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს იყო ყველაზე სევდიანი ვარსკვლავის გახსნა; საქართველო გიოს ემშვიდობებოდა, ის კი უკანასკნელად მღეროდა. დარბაზი სულ სხვა სევდას მოეცვა. ამ გამოთხოვებით განცდა-დაგუბებულმა მსმენელმა, ბევრი ცრემლი ღვარა თუ ყელში ბურთად აქცია.
და ზუსტად ხუთი წლის თავზე გიო კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დათო ოქიტაშვილმა გაიხსენა და ფეისბუქზე კონცერტის ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
"ასე დაგვემშვიდობა გიო ყველას"
დათომ "პრაიმტაიმის" მკითხველს აქამდე უცნობი ფაქტები მოუყვა...
დათო ოქიტაშვილი: შეიძლება კარგი მომღერალი იყო, მაგრამ კარგი ადამიანი ვერა და ხალხს ასე არ უყვარდე. გიო უყვარდა ყველას, მთელ ქვეყანას.
გეტყვით, რომ მისი მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, კონცერტამდე ორი დღით ადრე, სისხლი გადაუსხეს. მან თქვა, რომ ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს. და კონცერტზე ის მოძლიერდა. მობილიზებული იყო.
უბედნიერესი იყო იმ დღეს...
გიომ იცოდა, რომ ცუდად იყო და მალე დაგვტოვებდა და ის ამ კონცერტით დაგვემშვიდობა. დარბაზში იყო ემოცია, რომელიც მასთან დამშვიდობებას მოიცავდა.
ყველაზე საშინელება ის არის, ამ ქვეყნიდან რომ მიდიხარ და უძლურია ყველა, გადასარჩენად ვერაფერს აკეთებენ. ეს იყო ამ საღამოს ყველაზე მტკივნეული თემა. ჩვენ ვიცოდით, რომ გიოს ვემშვიდობებოდით და ის კი - ჩვენ გვემშვიდობებოდა...
მე არასდროს არ დამავიწყდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელსაც ხუთი წლის შემდეგ, ახლა თქვენთან პირველად ვამხელ. მან მითხრა, ამერიკაში გამგზავრებასა და იქაური კლინიკის ხარჯებს, მე დავფარავ, შენ მიხედე გიოსო... რასაკვირველია, გიოს ყველა მეგობარი ჩართული იყო ამ საქმეში. დავიწყეთ საბუთების გაკეთება, თუმცა კონცერტიდან რამდენიმე დღეში ის დამძიმდა. გამახსენდა მისი მკურნალი ექიმის სიტყვები, კონცერტის შემდეგ ისევ მოეშვებაო... გიო ჩაწვა და მალევე გარდაიცვალა. ვერ მოვასწარით...
მადლობა ყველას - გიოს ოჯახს, ბაკურ ბაკურაძეს, გიოს მეგობრებს, ირაკლი მეძმარიაშვილს. მაშინ ირაკლი ჭანტურიაც გიოს გვერდით იყო... ყველანი ერთად ვიყავით. მადლობა ბატონ ბიძინას გვერდში დგომისთვის და ბოდიში, რომ ასე სახალხოდ ვყვები ამ ისტორიას პირველად, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცის.
ადამიანებს სიკეთისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამ ქვეყნიდან ვერავინ ვერაფერს წავიღებთ, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.
მე მაინც მგონია, რომ გიო საიდანღაც უნდა შემოვიდეს...
მას ყველაზე დიდი ჯილდო აქვს, ხალხის სიყვარული. ეს კი აუწონავია.
ასევე დაგაინტერესებთ: "ამერიკა ადამიანებს შანსს აძლევს, სიბერეშიც იყვნენ ბედნიერნი" - მზია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში 87 წლის გახდა