1733824994
,,ბაბუს მონატრება ხასიათში ემჩნევა... გიგას მერე დამძიმებული და დეპრესიულია. ზის და თავისთვის წერს... იხსენებს" - შვილიშვილი ქეთევან კიკნაძეზე
ქეთევან კიკნაძემ ათი მაისი ტრადიციულად მეგობრების გარემოცვაში გაატარა. იუბილარმა მსახიობმა "გოგოებს" საკუთარი ნახელავით უმასპინძლა.
ქეთი წიქვაძეს, მსახიობის უფროს შვილიშვილს, მისი სახელი ჰქვია და გამზრდელი ბებიის მსგავსად, ისიც მაისშია დაბადებული.
როგორც ქეთი "პრაიმტაიმთან" ხუმრობს, ბებიის ასაკი არ იცის, რადგან ის მუდმივად იკლებდა წლებს.
ქეთი წიქვაძე: - ეგ არავინ ვიცით, რამდენი წლის გახდა. მთელი ახალგაზრდობა ისე იტყუებოდა ასაკს, თვითონაც აერია უკვე. სულ უნდოდა ახალგაზრდა ყოფილიყო.
გიგა ეჩხუბებოდა, შენზე ისედაც უფროსი ვარ და ასაკს უკვე ისე იკლებ, მეშინია პედოფილიისთვის არ დამიჭირონო.
ბებიას გაზრდილი ვარ. მასთან ვცხოვრობდი, მიყვარდა მასთან დარჩენა. ყველაფრის უფლებას მაძლევდა. მიკვირს, რანაირად. მაგალითად, ვითომ სალონში იყო, თმას ვჭრიდი, ფრჩხილებს ვუკეთებდი, გადმოვალაგებდი საგვარეულო სერვიზს, ვთამაშობდი. ასეთი თამაშების წყალობით, სახეზე ნაიარევი დავუტოვე. ვითომ კოსმეტოლოგი ვიყავი და ცხვირზე "იამაჩკა" აქვს. სხვათა შორის, ისეთი, როგორიც მე მაქვს. ბოლომდე დაგიმსგავსე-მეთქი, ვეხუმრებოდი. არ გამჯავრებია, რატომღაც ყველაფერი მეპატიებოდა.
მახსოვს, თეატრში გიგასთან და ქეთინოსთან ერთად გატარებული დრო: რეპეტიციებზე, საგრიმიორო, მაკიაჟის კეთება... სცენაზე ავარდნა. იქაც ყველაფრის უფლება მქონდა... სპექტაკლები უამრავჯერ მქონდა ნანახი. დედაჩემს გამოუვიდა, რომ სამსახიობო არ დავამთვარე. თუმცა ბოლომდე მაინც არ გამოუვიდა. ვითამაშე და მომეწონა. ვინმე თუ როლზე მიმიწვევს, სიამოვნებით მივალ...
ბებომ აუცილებლად უნდა გადაიხადოს დაბადების დღე, ცდილობს თვითონ გააკეთოს ყველაფერი. კერძებსაც ამზადებს. ეპატიჟება თავის გოგოებს. თავისი დაბადების დღე არასდროს გამოუტოვებია. გუშინაც აღნიშნა. გემრიელი საჭმელები გააკეთა, დაპატიჟა თავისი გოგოები. აქტიურად გაატარა მთელი დღე.
ბაბუს მონატრება ხასიათში ემჩნევა. გიგას მერე დამძიმებული და ცოტა დეპრესიულია. არ ამბობს, თუმცა ეტყობა, სხვა რამეში გამოხატავს. თავისთვის წერს რაღაცებს. გიგასთან დაკავშირებულ ამბებს ფეისბუქზე იხსენებს. იქ ყველაზე აქტიურია.
ბებოსგან დიდი სიყვარული ვისწავლე. დიდ სითბოში და ყურადღებაში გამზარდა. ხშირად რომ ვერ ვნახულობ, გული მწყდება. როდის მოგენატრები? როდის გაგახსენდებიო, მომწერს ან მირეკავს.
ტელევიზორში ქეთინოს ახალგაზრდობის კადრებს რომ მოვკრავ თვალს, ცრემლი მერევა, გული მიჩუყდება.