სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – მითები და რეალობა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – მითები და რეალობა

სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა (სგგდ) შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეუქმნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა სქესის, ასაკისა და პარტნიორების რაოდენობის მიუხედავად. ინფექციების ნაწილი სწრაფად და მარტივად იკურნება, ზოგიერთ მათგანს კი უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობის წინაპირობა ადრეული დიაგნოსტიკაა, რისთვისაც სგგდ-ს სიმპტომების ცოდნასთან ერთად, აუცილებელია სკრინინგული კვლევების სისტემატურად ჩატარება. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის მთავარი საშუალება კი მისი პრევენციაა, რაც სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფარმაცევტულ კომპანია „სმარტფარმთან“ ერთად, წარმოგიდგენთ სტატიას, რომელშიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგაცნობთ სგგდ-ების შესახებ და შევეცდებით დავამსხვრიოთ მათ გარშემო შექმნილი მითები.

ყველაზე გავრცელებული სგგდ-ები – მოკლე მიმოხილვა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიით, ვირუსით, სოკოთი ან პარაზიტით. ქვემოთ მიმოვიხილავთ იმ ინფექციებს, რომლებიც დღეს ყველაზე გავრცელებულია:

გონორეა – მას იწვევს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae. ის აზიანებს შარდსასქესო სისტემას და ვლინდება გამონადენით, წვითა და ტკივილით შარდვისას. არანამკურნალები შემთხვევა შეიძლება რთულ ანთებით პროცესებში გადაიზარდოს.
ქლამიდიოზი – ის ვითარდება ბაქტერია Chlamydia trachomatis-ით ინფიცირებისას. მას „ჩუმ ინფექციასაც“ უწოდებენ, რადგან ხშირად არ იწვევს სიმპტომებს და შეუმჩნევლად აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება უნაყოფობის მიზეზიც კი გახდეს.
სიფილისი – აღნიშნულ დაავადებასაც ბაქტერია იწვევს. ის მრავალფაზიანი ინფექციაა და სტადიების მიხედვით სხვადასხვა სიმპტომით გამოიხატება. თავიდან ვლინდება გამონაყარით, ტემპერატურით, სისუსტით, მომატებული ლიმფური კვანძებით. განვითარებასთან ერთად კი შეიძლება დააზიანოს ორგანოებიც, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა, კანი და ძვლები.
მარტივი ჰერპესი (HSV) – ის გამოწვეულია ვირუსით და ვლინდება მტკივნეული ბუშტუკებით სასქესო ორგანოებზე ან ტუჩებზე. ვირუსი სრულად არ ქრება, მაგრამ შესაძლებელია მისი მართვა.
HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) – ვირუსის ზოგიერთი გენოტიპი იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, მაღალი რისკის შტამები კი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სხვა სიმსივნეებს.

როგორ ვრცელდება სგგდ-ები? – მითები და რეალობა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის გადამწყვეტია მათ შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას.

ქვემოთ შევეცდებით გავაქარწყლოთ მითები, რომლებიც ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული.

მითი 1: ორალური სექსით სგგდ არ გადადის – რეალურად, ინფექციები შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტის დროს, იქნება ეს ვაგინალური, ორალური თუ ანალური.

მითი 2: სგგდ მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც ხშირად იცვლის პარტნიორებს – რეალურად, ინფიცირების რისკი დაუცველი სექსის მქონე ნებისმიერ ადამიანს აქვს, თუნდაც მას მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავდეს.

მითი 3: თუ პარტნიორს არაფერი აწუხებს, ინფიცირების რისკი არ არსებობს – საქმე ისაა, რომ ბევრი სგგდ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება მოგვიანებით. ამიტომ კლინიკური ნიშნების არარსებობა სიმშვიდის საფუძველი არ უნდა იყოს.

მითი 4: კონდომი სგგდ-ებისგან 100%-ით გვიცავს – კონდომი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს, მაგრამ ის არ იძლევა მისგან დაცვის სრულ გარანტიას.

მითი 5: საზიარო აბაზანის, საზოგადოებრივი ტუალეტის ან საცურაო აუზის გამოყენებით შეიძლება დაინფიცირდე – სგგდ მსგავსი გზით არ ვრცელდება – ინფექციის გადასაცემად საჭიროა სხეულის მიერ გამოყოფილ სითხეებთან ან ლორწოვან გარსთან პირდაპირი კონტაქტი.

სიმპტომები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ

სგგდ-ებს ახასიათებს როგორც საერთო, ისე ერთმანეთისგან განსხვავებული სიმპტომები. ქვემოთ მიმოვიხილავთ იმ კლინიკურ ნიშნებს, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ესენია:

უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ან გამონადენი პენისიდან – ჭარბი გამონადენი ან მისი ფერის, სუნის ან კონსისტენციის ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიული ვაგინოზზე, სოკოვან ინფექციაზე ან სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებაზე.
● წვა ან ტკივილი – ეს შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს შარდის გამოყოფის დროს. ხშირად მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე ან წყლულოვან დაზიანებებზე სასქესო ორგანოებში.
● ქავილი და სიწითლე სასქესო ორგანოს მიდამოში – შესაძლოა ისინი მხოლოდ ადგილობრივი გაღიზიანებით ან ალერგიული რეაქციით იყოს გამოწვეული, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის ნიშანიც.
● ბუშტუკები, წყლულები ან გამონაყარი – ახასიათებს ჰერპესს, სიფილისს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებს. ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია ანუ დერმატოლოგიური პრობლემა.
● ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს – შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოს ან მისი მიმდებარე ორგანოების ანთებაზე, კისტებზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ან სხვა გინეკოლოგიურ პრობლემებზე.


როგორ ავიცილოთ თავიდან სგგდ-ები?

პირველ რიგში, აუცილებელია კონდომის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სქესობრივი აქტის რომელიმე მონაწილე არ არის სრულად გამოკვლეული. გარდა ამისა, აუცილებელია პარტნიორთან ღია და გულწრფელი კომუნიკაცია სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა ყოველი აქტის შემდეგ.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ზოგიერთი სგგდ სიმპტომებით ან საერთოდ არ ვლინდება ან მხოლოდ მოგვიანებით იწვევს კლინიკურ ნიშნებს. ამიტომ ინფექციების გართულებებისგან თავდასაცავად აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება. ესენია სისხლის, შარდისა თუ ნაცხის ანალიზები, პაპ ტესტი (HPV ვირუსის ადრეული დიაგნოსტიკისთვის), ფიზიკური და ვიზუალური გამოკვლევა და სხვა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ეფექტიანად იცავს ქალებსა და კაცებს ამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სგგდ-სგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰეპატიტ B-ს საწინააღმდეგო აცრაც. ამ დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა სწორედ სქესობრივი კონტაქტია.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სგგდ-ებისგან თავის დაცვა ან მათი მართვა შესაძლებელია აქტიური სქესობრივი ცხოვრების დროსაც კი, თუკი ზედმიწევნით დაიცავთ უსაფრთხო სექსის წესებს, რეგულარულად ჩაიტარებთ გამოკვლევებს და მიმართავთ პრევენციის გზებს. გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობას!