„მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით WHO საგანგებო სხდომას გამართავს

WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც იმსჯელებს არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის" გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგაშო. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. 

WHO-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოს 39 ქვეყანაში ვირუსის 1600 და გარდაცვალების 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ 39 ქვეყანაში ისეთი ქვეყნებიც შედიან, სადაც ვირუსი აქამდეც გავრცელებული იყო.

WHO-ს ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ ვირუსი „უჩვეულოდ იქცევა" და ამ ქცევას საერთაშორისო კოორდინაციით უნდა უპასუხონ. WHO-ს კომიტეტის საგანგებო სხდომა 23 ივნისს გაიმართება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია).

სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში).