ხველა, გამონაყარი კიდურებსა და პირის ღრუში - როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ამ ვირუსისგან

ვირუსი ბავშვებში

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევებმა შედარებით იკლო და პანდემიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თავი მკვეთრად იჩინა ე.წ სეზონურმა ვირუსებმა.

წამყვანი სპეციალისტების შეფასებით, წლევანდელი წელი სრულიად გამორჩეული და განსხვავებულია 2019, 20-21 წლების სეზონისგან. მაგალითად, შარშან მთელ საქართველოში გრიპის სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს მხოლოდ იაშვილში პირველი იანვრიდან დღემდე გრიპის 30-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 2 კვირის მანძილზე კლინიკები გაივსო მცირეწლოვანებით, რომლებსაც ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის, ფეხის გულებსა და პირის ღრუში აქვთ. 

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, ეს კოკსაკის ვირუსია, რომელსაც მსგავსი კლინიკური მანიფესტაცია ახასიათებს და გამონაყარით მიმდინარეობს. მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

„ეს არის ვირუსული ინფექცია ენტეროვირუსების ჯგუფიდან, პერიოდულად, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში ახასიათებს ეპიდაფეთქებები. მისი მიმდინარეობა არის მწვავე. როგორც წესი, ასეთი პაციენტები სტაციონარიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა მცირე ასაკის ბავშვებში, რომელთაც აქვს სხვადასხვა ფონური დაავადება, რისკები შეიძლება იყოს მძიმე მიმდინარეობის, ამიტომ შესაძლოა, ისინი კლინიკებში მოთავსდნენ. რაც გასათვალისწინებელია, შეიძლება განვითარდეს აფთოზური სტომატიტი, რომელიც დისკომფორტია ბავშვისთვის, რადგან შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ რაოდენობის საკვები და სითხე ვერ მიიღოს, რაც მისთვის აუცილებელია. ხშირ შემთხვევებში, პაციენტების მართვა ხდება ბინაზე, პედიატრების მართვის ქვეშ.  

დაავადება კონტაქტური, წვეთოვანი გზით ვრცელდება. იმისთვის, რომ ინფექციის სწრაფად გავრცელებას ხელი შევუშალოთ, მნიშვნელოვანია, ბავშვები, რომლებსაც ექნებათ სიმპტომები, ვთქვათ: ტემპერატურა, გამონაყარი, ხველა, მუცლის ტკივილი, დიარეა, უნდა იყვნენ ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ.“ - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.