გასაკვირია, რატომ იყო ქართული ოცნებისთვის მოულოდნელი ეს ანგარიში - ვიკა ფილფანი

ვიკა ფილფანი

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოებაზე მომზადებულ 2025 წლის ანგარიშს ოპოზიციაში ეხმაურებიან. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ სხვა ანგარიშს არც ელოდნენ.

"ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ იყო ქართული ოცნებისთვის მოულოდნელი ეს ანგარიში, რადგან ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, თავისივე პირით განაცხადეს, რომ მათ შეწყვიტეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სიარული. აქედან გამომდინარე, სხვა ანგარიშს არც ველოდით სამწუხაროდ", - აცხადებს ვიკა ფილფანი.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. პაკეტი ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა. ანგარიში შეფასებულია კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში გატარებული რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გაფართოების ანგარიშის გაცნობის შემდეგ, ევროპარლამენტში ამ თემაზე გაიმართა დებატებიც.