1772002282
გარდაცვლილმა დედამ წლინახევრის შვილი გადაარჩინა - დაუჯერებელ ამბავს თვითმხილველები ჰყვებიან (უცხოეთი)
აშშ-ის იუტას შტატში 18 თვის გოგონა, ლილი გროსბეკი, სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც ავტომობილი, რომელშიც ის დედასთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. შემთხვევა 2015 წელს მოხდა.
25 წლის ლინ გროსბეკი შვილთან ერთად მშობლების სახლიდან ბრუნდებოდა, როდესაც ავტომობილმა მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. დედა ადგილზე დაიღუპა. მომხდარი თავდაპირველად არავის შეუმჩნევია — ადგილობრივებმა მხოლოდ ძლიერი ხმაური გაიგეს, თუმცა ვერ დაადგინეს, რა მოხდა.
მეორე დღეს მეთევზეებმა მდინარეში ამობრუნებული ავტომობილი შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. მაშველებმა მანქანა წყლიდან ამოიყვანეს და შიგნით გარდაცვლილი ქალი და უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი იპოვეს. ლილი საბავშვო სავარძელზე ღვედით იყო მიბმული და თავდაყირა ეკიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დაახლოებით 14 საათი გაატარა ყინულოვან წყალში.
ოთხი პოლიციელი, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მოგვიანებით აცხადებდნენ, რომ ავტომობილიდან ქალის ხმით დახმარების თხოვნა ესმოდათ, მიუხედავად იმისა, რომ დედა უკვე გარდაცვლილი იყო. მათი თქმით, სწორედ ამან მისცა მათ ძალა, მანქანა სწრაფად ამოეყვანათ.
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი გადარჩენა პრაქტიკულად აუხსნელი იყო, რადგან იმ ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს ნიშნულზე იყო, წყალი კი თითქმის მთლიანად ფარავდა ავტომობილს.
გამოძიებამ ვერ დაადგინა, რამ გამოიწვია ავარია. მუხრუჭების კვალი ადგილზე არ აღმოჩნდა, ხოლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დედას ალკოჰოლი ან ნარკოტიკული ნივთიერებები არ ჰქონდა მიღებული.
ლილი მალევე მოვიდა გონს და სრულად გამოჯანმრთელდა. მისი გადარჩენა ბევრმა სასწაულად შეაფასა.











