ასტროლოგი ნოემბრის ყველაზე დაძაბულ დღეებს ასახელებს

რამაზ გიგაური

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვაცნობს და ასახელებს ამ თვის მნიშვნელოვან დღეებსა და მოვლენებს. 

ინგრესია:

* 8 ნოემბერი > ვენერა სასწორის ზოდიაქოში

* 10 ნოემბერი > მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში

* 22 ნოემბერი > მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში

* 24 ნოემბერი > მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები:

* 4 ნოემბერი > სატურნის დირექტიულად მოძრაობის დაწყება

* ნოემბერში რეტროგრადულია: იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი.

* ახალმთვარეობა - 13 ნოემბერი (13:27 საათზე)

* სავსემთვარეობა - 27 ნოემბერი (13:16 საათზე)

დაძაბული დღეები: 3, 4, 10, 11, 12, 13, 18, 22, 23, 24, 25, 27

ჰარმონიული დღეები: 14, 15

ნოემბერი - 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია თვე იქნება (თუ ყველაზე დაძაბული არა). პირველ რიგში იმიტომ, რომ საერთოდ, ნოემბერი „მარსიანული“ თვეა (კლასიკურ ასტროლოგიაში ნოემბრის ზოდიაქოს ნიშანს სწორედ პლანეტა მარსი მართავს), მეორე რიგში კი, მთელი თვის განმავლობაში შენარჩუნდება მზე-მარსის შეერთება, რომელიც დაპირისპირებაში იქნება იუპიტერთან და ურანთან. ეს ცალსახად მიუთითებს კონფლიქტურობის, ავარიულობის, ხანძრებისა და ტერორისტული აქტების ალბათობის მომატებაზე. ადამიანებში ნერვული სისტემა დაძაბული, საერთო სიტუაცია კი ფეთქებადსაშიში გახდება.

ბუნებრივია, ეს მაქსიმალური დაძაბულობა პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომზე და ისრაელ-ჰამასის შეიარაღებულ კონფლიქტს შეეხება. ამ თვეში შეტაკებები ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იქნება, რაც აქამდე გვინახავს. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ნოემბრის მეორე ნახევარში ნეგატიურად აისახება ამ ქვეყნების თუ ტერიტორიების მმართველებზეც კი. ეს შეიძლება იყოს როგორც რუსეთის, უკრაინის ან სულაც ამერიკის პრეზიდენტის, ასევე ისრაელის და ჰამასის მმართველი პირების საერთო მდგომარეობა. ერთი ასპექტი შესაძლოა იყოს, რომელიმე მმართველის სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობას დაკავშირებით ან რომელიმე მათგანს მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აქამდე არ მიუღია.

ნოემბერი - ეს არის ერთგვარი შემოტრიალების წერტილი, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგორც 2023 წლის დასასრულის დასაწყისი და 2024 წლის ერთგვარი გარიჟრაჟი. სწორედ ნოემბერი წყვეტს, თუ როგორ დასრულდება მიმდინარე წელი და როგორ დაიწყებს 2024 წელი განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბულობა მაქსიმალური სიხშირით ამა წლის 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება, ანუ იქამდე სანამ მარსი მორიელის ზოდიაქოს არ დატოვებს.

დადებითი კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბული ენერგია ბევრ ადამიანს აიძულებს ბოლო-ბოლო განახორციელოს ის ცვლილებები, რომლებსაც ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მით უმეტეს, რომ 4 ნოემბერს პლანეტა სატურნი დირექტიულად დაიწყებს მოძრაობას (ის 17 ივნისიდან რეტროგრადულად მოძრაობდა). ეს მიანიშნებს, რომ ის წინაღობები, რომლებიც ივნისის მეორე ნახევრიდან დაწყებული შეიქმნა, ნელ-ნელა განეიტრალდება და მოსალოდნელია ეს ბევრი ადამიანის, კომპანიის თუ ორგანიზაციის ცხოვრებაში სისტემური ცვლილებების დაწყების საფუძველიც კი გახდეს. თუმცა ამ ყველაფრის რეალიზაცია უფრო 12 ნოემბრიდან დაიწყება. ეს იმიტომ, რომ ნოემბრის პირველ დეკადაში სატურნი სტაციონარული იქნება, ამიტომ ბევრი საკითხის გადაჭრა შეუძლებელი თუ არა, გართულებული იქნება. უფრო მეტიც, მოსალოდნელია გარკვეული საკითხები დამუხრუჭდეს კიდეც (აქედან გამომდინარე, ნოემბრის პირველ დეკადაში ხასიათის ყველაზე გამოსადეგი თვისება - მოთმინება იქნება). ინდივიდუალურ დონეზე 12 ნოემბრიდან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება და წარსულში გაწეული შრომა დაფასდება. სწორედ ამ პერიოდიდან არის სასურველი ადმინისტრაციული თუ სამსახურებრივი ცვლილებები.

8 ნოემბერს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თავის ნიშანში - სასწორში გადავა და იქ 4 დეკემბრამდე დარჩება. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებში გაძლიერდება სილამაზისადმი და ესთეტიკისადმი მიმართ სიყვარული. ასე რომ, 8 ნოემბრიდან თვის ბოლომდე არა მხოლოდ კარგი დრო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, არამედ პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვისაც. სასიკეთო შედეგებს მოიტანს მოლაპარაკებები და შეთანხმებები, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება.

10 ნოემბერს მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა. აქედან გამომდინარე, აზროვნების პროცესი აქტიური, ენერგიული და რაც მთავარია, ფილოსოფიური გახდება. ბევრი ადამიანი მოიფიქრებს მასშტაბურ იდეებს, ასევე შეძლებს სწავლასთან, უცხოეთთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

ბევრი ადამიანი მოიფიქრებს მასშტაბურ იდეებს, თუმცა მათი რეალიზაციისთვის საჭირო იქნება დიდი ძალისხმევის გამოვლენაც, რაც უფრო მეტად შესაძლებელი 14 ნოემბრიდან იქნება. ნოემბრის მეორე და მესამე დეკადა საკმაოდ კარგი იქნება გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვისთვის და რეალიზაციისთვის დაწყებისთვისაც (ოღონდ, ესეც 13 ნოემბრის, ახალმთვარეობის შემდეგ უნდა მოხდეს).

13 ნოემბრის ახალმთვარეობა შესაძლებელია რთული დღე გამოდგეს, რადგან ეს იქნება მორიელის ნიშანში. ეს სირთულე და დაძაბულობის განცდა მაღალი იქნება 12 ნოემბერსაც. ამიტომ 12-13 ნოემბერს არასასურველია ცვლილებების განხორციელება, ახალი პროექტების დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება. საერთოდ, 13 ნოემბერს დაფიქსირდება მზესა და ურანს შორის ზუსტი ოპოზიციური ასპექტი. ეს მკვეთრად გაზრდის სიტუაციის მოულოდნელად შემოტრიალების ალბათობას, ამიტომ 12-13 ნოემბერი სჯობს მშვიდად გავიაროთ, ანუ ყოველგვარი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების გარეშე.

14 ნოემბრიდან ინდივიდუალურ დონეზე საერთო სიტუაციები შედარებით დაბალანსდება და დასტაბილურდება. ის, რისი კეთებაც ადამიანებს თუნდაც ნოემბრის პირველ დეკადაში უნდოდათ და ვერ შეძლეს, ნოემბრის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდება. ბევრი ადამიანი პროცესებს უფრო მშვიდად და რაც მთავარია, ორგანიზებულად წარმართავს. საერთოდ, 14-24 ნოემბრის შუალედი, ანუ ახალმთვარეობიდან იმ პერიოდამდე, სანამ მარსი მორიელის ნიშანს დატოვებს, მიზანსწრაფვისა და პრინციპულობის გამოვლენით ბევრი საკითხის მოგვარება გახდება შესაძლებელი.

22 ნოემბერს მორიელის ზოდიაქოს - მზე, ხოლო 24 ნოემბერს - მარსი დატოვებს. ამით დასრულდება 44 დღიანი მორიელის ნიშნის ეპოპეა, რომელიც დაკავშირებული იყო მზე-მარსის მორიელში მოძრაობასთან და ურანთან (კუროში) დაპირისპირებასთან. საერთო დაძაბულობის ხარისხი და ზემოთ ნახსენები შეიარაღებული შეტაკებების ალბათობა ბუნებრივია, მინიმუმამდე არ დავა, თუმცა რაღაც დონეზე საერთო სიტუაცია უფრო მეტად გამოსწორდება.

27 ნოემბერს სავსემთვარეობა იქნება, რომელიც მთლიანობაში „მსუბუქად“ გამოვლინდება და დაუკავშირდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება-გადაცემას, ურთიერთობებს, კავშირებს და ამასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

29 ნოემბერს კი ვენერა შეუერთდება მთვარის დაღმავალ კვანძს, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ნოემბრის ბოლო დღეებს კარმული მნიშვნელობა ექნება. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული საკითხები, რომლებიც წარსულიდან მოდის და ჯერ კიდევ გაურკვეველ-მოუგვარებელია, სწორედ ნოემბრის ბოლო რიცხვებში გააქტიურდეს. ეს განსაკუთრებით შეეხება პირად ცხოვრებასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს.
 

ასევე ნახეთ:

VIDEO: მარიამ ციმინტია 2,11, 20, 29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

„...ამ პერიოდში არ გაასესხოთ ფული, არ შეიძინოთ ნივთები“ - ასტროლოგის გაფრთხილება