ვიწყებთ პრობლემური კვანძების მოწესრიგებას - დღეიდან ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე დაიწყება სამუშაოები - კალაძე

კახა კალაძე

ვიწყებთ კვანძების მოწესრიგებას - დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, ხოლო შაბათიდან, თავხელიძის ქუჩიდან, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა ან გზების რეაბილიტაცია, ამ პროცესში ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქუჩის დიზაინს.

„ქუჩის ახალი დიზაინი, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ, ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსების და ახალი, ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას, პარალელურად, მიმდინარეობს ახლომდებარე არსებული რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია.

ამჟამად, დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1500-მდე ბრუნის ჩავარდნას. თავის მხრივ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000-მდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე.

დაპირებისამებრ, ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, ხოლო შაბათიდან, თავხელიძის ქუჩიდან, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება: საფეხმავლო კავშირების გაუმჯობესება, გამწვანების თარგები, შუქნიშნით დარეგულირებული ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, გზაგამყოფი კუნძულები. მთელი დერეფნის გასწვრივ მოეწყობა შესაბამისი პარამეტრების ავტობუსის გაჩერებები და მოსაცდელები. რეკონსტრუქცია ასევე განხორციელდება ჟვანიას მოედანზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია.

აღნიშნულ კვანძზე მოწესრიგდება ქვეითთა და საავტომობილო ნაკადების მოძრაობა, მოედანი ადაპტირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრის საჭიროებებზე, რათა სრულად უზრუნველყოს მათი კომფორტული გადაადგილება, ან გადაჯდომა შესაბამის მარშრუტებზე. აქვე გაცნობებთ, რომ საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის 42 სამარშრუტო ხაზი გადის, რომლის საშუალებით დღის განმავლობაში 200 000-ზე მეტი მგზავრობა ხორციელდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.