ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კახა კალაძე

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარემონტებული საცხოვრებელი ბინა 36 ოჯახს გადაეცემა.

„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსი ჩანაცვლდება. მორიგ სამშენებლო ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ოთხსართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, თბილისელთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ფართების დაკანონების, უსახლკარო თბილისელების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამებს ახორციელებს.

„საცხოვრებელი ფართები, რომელთაც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ოჯახები, მაგრამ ვერ ირეგისტრირებდნენ, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა 2 879 ოჯახს. ეს პროცესი გრძელდება. დღევანდელი მთავრობის სხდომაზეც წარმოდგენილია კიდევ ხუთი ოჯახისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მხოლოდ 2024 წელს უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით, 2022 წლიდან დღემდე 103 ბინაა შეძენილი.  2024 წელს ცხრა ბინა შეძენილია და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.