დავაანონსეთ მეტროს გაგრძელება, ეს არის გლდანში და ვარკეთილში. ასევე სერიოზული გამოწვევაა ავარიული ლიფტები, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა ჩავანაცვლოთ ისინი - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერმა გადაცემა "ღამის კურიერში" დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელთა შორის მეტროს გაფართოებისა და ლიფტების ჩანაცვლების პროგრამაა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, იგეგმება გლდანისა და ვარკეთილის მეტროს გაგრძელება, ასევე მნიშვნელოვანია სრულად ჩანაცვლდეს ლიფტები, რაც ქალაქისთვის გამოწვევად რჩება.

"რაც შეეხება მეტროს გაფართოების საკითხს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მეტროს ამოსასვლელების გაფართოების პროექტი. წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს სრული პროექტი, რომ გამოვაცხადოთ მშენებლობა და დავიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. მომავალი წლიდან დაიწყება სამუშაოები.

გარდა ამისა, დავაანონსეთ მეტროს გაგრძელება, ეს არის გლდანში, ახმეტელის შემდეგ და ვარკეთილის მეტროს გაგრძელება. ამასთან დაკავშირებით მზადდება დოკუმენტაცია და უახლოეს მომავალში გვინდა გამოვაცხადოთ კვლევა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, დაპირებად გვქონდა ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული გამოწვევაა ქალაქში, ძველ საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ავარიული ლიფტები და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა ჩავანაცვლოთ ავარიული ლიფტები. იყოს უსაფრთხო და მოწესრიგებული - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.