1731350227
ჯანმოს დირექტორის საგანგებო განცხადება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის, თუმცა არ მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.
„ეს [შემთხვევების ზრდა] მოსალოდნელია, რადგან ამინდი ცივი ხდება და ხალხი უფრო მეტ დროს ატარებს შიგნით, და უმეტეს ქვეყნებს აღარ აქვთ ზომები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით. ჩვენ მოველით, რომ კორონავირუსის დარეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი გაიზრდება, თუმცა ეს არ ეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შტამი მსოფლიოში დომინანტურ შტამად რჩება.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააძლიერონ მეთვალყურეობა, ტესტირება და სეკვენირება და რისკის ქვეშ მყოფი ყველა ჯგუფის ვაქცინაცია უზრუნველყონ“, - დასძინა მან.