1692302192
ტვინში არსებული შაქრის მარაგი, შესაძლოა, ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს

ახალი კვლევის მიხედვით, ტვინის გლუკოზის მარაგი ნეირონების პათოლოგიურ დეგენერაციაში უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე აქამდე გვეგონა. შესაძლოა, ეს აღმოჩენა ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხ ნაბიჯად იქცეს.
ალცჰაიმერის დაავადება ტაუოპათიათა ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მისი მთავარი მახასიათებელი ტვინში ტაუს ცილების პათოლოგიური დაგროვებაა, მაგრამ დღემდე უცნობია, ეს ფაქტი დაავადების გამომწვევი მიზეზია თუ უბრალოდ მისი შედეგი. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტაუ ცილებსა და გლიკოგენს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არსებობს.
აქამდე, ტვინში არსებული გლიკოგენი მხოლოდ სხეულის ენერგიის სარეზერვო წყაროდ მიიჩნეოდა, მაგრამ Buck Institute for Research on Aging-ის გუნდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სრულად ახალი ინფორმაცია მოგვცა.
„ეს აღმოჩენა აქამდე არსებულ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს და სამეცნიერო სამყაროში ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ტვინში შენახული გლიკოგენი იმაზე უფრო პროდუქტიულია ვიდრე გვეგონა და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს მოლეკულური ბიოლოგი პანკაჯ კაპაჰი.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანსა და მსგავსი სიმპტომების მქონე ხილის ბუზს (Drosophila melanogaster) დააკვირდნენ და დადგინდა, რომ მათი ტვინების უჯრედებში გლიკოგენის ჭარბი დონე შეინიშნებოდა. დამატებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტაუს ცილები ტვინში არსებული გლიკოგენის ნორმალურ დაშლასა და მათ გამოყენებას ხელს უშლის. ამის გამო, ტვინის უჯრედებში გლიკოგენი და ტაუს ცილები სახიფათო რაოდენობით გროვდება.
კვლევამ გლიკოგენ ფოსფორილაზას (GlyP) მოქმედების ძირითადი მექანიზმიც გამოავლინა. GlyP არის ფერმენტი, რომელიც გლიკოგენს საწვავად გარდაქმნის და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღმოჩნდა, რომ როცა მკვლევრებმა ხილის ბუზებში GlyP-ის გამომუშავება გაააქტიურეს, გლიკოგენის მარაგი ეფექტურად დაიშალა და უჯრედული დაზიანებებიც შემცირდა.
„გლიკოგენ ფოსფორილაზას აქტივობის გაზრდით, ტვინის უჯრედებმა მავნე ნივთიერებების განეიტრალება უკეთ შეძლეს. ამის გამო უჯრედული დაზიანება შემცირდა და ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა", - აღნიშნა ბიოლოგმა სუდიპტა ბარმა.
მკვლევრებისთვის საინტერესო აღმოჩენა იყო ისიც, რომ დიეტური შეზღუდვები მკურნალობაზე დადებით გავლენას ახდენდა. დიეტური შეზღუდვა საკვებში პროტეინის ნაკლებობით გამოიხატებოდა და ასეთ კვებაზე მყოფ ბუზებში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და ტვინის დაზიანების შემცირება დაფიქსირდა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ დიეტამ შესაძლოა გლიკოგენ ფოსფორილაზას აქტივობის ზრდას ხელი შეუწყოს, რაც თავის მხრივ ტვინის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მათი აღმოჩენები ისეთ პრეპარატებთანაც იყოს კავშირში, როგორებიცაა ოზემპიკი და რიბელსუსი. ეს წამლები დიაბეტისა და ჭარბი წონის სამკურნალოდ გამოიყენება და სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ ამ პრეპარატებს შესაძლოა ტვინის დაცვაც შეეძლოს.
კვლევის დასკვნის მიხედვით, ტვინში შენახული შაქარი და გლიკოგენ ფოსფორილაზა, შესაძლოა ალცჰაიმერისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის გასაღებად იქცეს. მეცნიერებმა ტვინის კიდევ ერთ საიდუმლოს ახადეს ფარდა და ახლა იმაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ეს ცოდნა ალცჰაიმერისა და სხვა დაავადებების მკურნალობის რეალურ ინსტრუმენტად.