1751921238
"გახარიამ და "ლელომ" ერთიანობის პრინციპს უღალატეს - მათი მთავარი ამოცანა საკრებულოებში რამდენიმე ადამიანის გაყვანა და მათთვის ხელფასის მიცემა ყოფილა - გიორგი ბარამიძე

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება თვითმმართველობის არჩევნებზეც. პოლიტიკური შეფასებების თემაა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების მოსაგებად ექვს დიდ ქალაქში იბრძოლებენ, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში არჩევნებს კი ბოიკოტს გამოუცხადებენ.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს საერთო კანდიდატები, მათ შორის თბილისში, სალომე ზურაბიშვილი. თავად ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია, ელისაშვილის მოსაზრებები გაუგებარი და ალოგიკურია ოპოზიციის ნაწილისთვის. გარედან მიღებულ დირექტივებზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის შეფასებით, პარტიებმა "საქართველოსთვის" და "ლელომ" პოლიტიკურ ერთიანობას უღალატეს.
"თავის თავს ეწინააღმდეგებიან, რადგან თქვეს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობაში, რასაც თვითონ არჩევნებს უწოდებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალთ, თუ არ ვიქნებით ყველანი ერთადო.
ხელს აწერენ იმას, რომ სურთ მეორე, მესამე ადგილზე გასვლა. თავის თავსაც, პრინციპებსაც და ქართველ ხალხსაც ღალატობენ. თავადვე აწერენ ხელს, რომ მათი მთავარი ამოცანა საკრებულოებში რამდენიმე ადამიანის გაყვანა და მათთვის ხელფასის მიცემა ყოფილა. ძალიან სამარცხვინო პოზიციაა. ერთიანობას უღალატა გახარიამ და "ლელომ", ეს არის პრობლემა. ახლა პოლიტიკოსობანას და პარტიულობანას თამაში დრო არ არის", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.