უახლესი ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობის შესახებ - რატიანის კომენტარი

რატიანი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ექიმის განმარტებით, პაციენტს ყველა ტიპის კვლევა უტარდება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით გუშინ შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.