ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
ახალი კვლევის თანახმად, საფრანგეთში 17 წლის გოგონა ცხოვრობს, რომელსაც უჩვეულოდ მდიდარი, დეტალური და ზუსტი მეხსიერება აქვს. მას გონებით როგორც წარსულში, ისე მომავალში მოგზაურობა შეუძლია.
ამ მდგომარეობას ჰიპერთიმეზია ჰქვია. ასეთ დროს ადამიანს გამორჩეულად კარგი ავტობიოგრაფიული მეხსიერება აქვს. ჰიპერთიმეზია ზოგადად მახსოვრობისგან ძალიან განსხვავებულია, რადგან წარსული მოვლენების გახსენებას ეხება და არა ახალი ინფორმაციის მიღებას.
ფრანგი გოგონა ირწმუნება, რომ ბავშვობაში თავის უნარს მალავდა. 8 წლის ასაკში, როცა ამბობდა, რომ წარსულში დაბრუნება შეეძლო, ტყუილში დასდეს ბრალი. მკვლევრებთან საუბრისას მან თქვა, რომ პირად მოგონებებს დიდ თეთრ ოთახში წარმოიდგენს, რომელშიც მოვლენები სხვადასხვა კატეგორიებადაა დაყოფილი და განაწილებული — არდადეგები, ოჯახური ცხოვრება, მეგობრები.
მოზარდს შეუძლია წარსული მოგონება ისე გააცოცხლოს, თითქოს ისევ იმ დღეს ცხოვრობს. მისი აღწერები ძალიან ზუსტია. რაც შეეხება მომავალს, მას სიტუაციების წარმოდგენა შეუძლია, რომლებსაც შემდეგ თითქოს წინასწარ განიცდის. ამის გამო გოგონას წარმოსახვები ხშირად რეალურ მოგონებას ემსგავსება.
ფუმფულა სათამაშოებზე დატანილი ჰქონდა იმ ადამიანის სახელი, ვისგანაც მიიღო; ფოტოსურათები და დოკუმენტები კი მისი მეხსიერების ოთახში არსებულ საქაღალდეში ინახებოდა. ზუსტად მაშინ შეეძლო მათი დათვალიერება, როცა მოინდომებდა.
„მას შეეძლო რეალური ეპიზოდები ისე გაეხსენებინა, როგორც იყო და დეტალურად დაეთვალიერებინა იმავე პერსპექტივიდან, რომელშიც იმყოფებოდა. მას ამის გაკეთება სხვისი პერსპექტივიდანაც შეეძლო", — წერენ ავტორები - "შეუძლია გონებით დროში უკან დაბრუნდეს და ყველაფერი თავიდან განიცადოს".
ამ მდგომარეობის ნამდვილად დამტკიცების მიზნით მკვლევრებმა დავალებები მოამზადეს. მართალია, ტესტმა მოგონებების სიზუსტე ვერ გაზომა, მაგრამ აჩვენა, რომ გოგონა უჩვეულოდ ცოცხლად და დეტალურად აღწერდა ყველაფერს. მისი მონაყოლი იმდენად რეალური იყო, რომ ჩანდა, ის მართლაც რაღაცებს იხსენებდა და არა უბრალოდ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით ცოდნას ავლენდა.
რაც შეეხება გოგონას უნარს, რომ პირადი მომავალი წარმოედგინა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მისი მონაყოლი ძალიან რეალისტური იყო. თითქოს მას წინათგრძნობა ჰქონდა, მომავლის მოგონებებს გადმოსცემდა და არა უბრალოდ რამეს იგონებდა.
„ეს არის ჰიპერთიმეზიის პირველი შემთხვევა, როდესაც გონებით დროში მოგზაურობის (როგორც წარსულში, ისე მომავალში) შესაძლებლობები სრულად შეფასდა", - წერენ მკვლევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შესაძლებლობის მექანიზმები უცნობია, მკვლევრები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახის რამდენიმე წევრსაც აქვს იშვიათი კოგნიტიური უნარები (სინესთეზია და იდეალური სმენა). ეს შესაძლოა რაღაც მხრივ მის გამორჩეულ ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას ხსნიდეს.