ორ მილიარდამდე ლარის უკანონო გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ნკ

ორ მილიარდამდე ლარის უკანონო გათეთრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულებულა. დაკავებულ კახა კოტორაშვილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის ბრალდებას არ აღიარებს.

პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ კოტორაშვილი მარტო არ მოქმედებდა და მის უკან კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის ავტორები და შემსრულებლები დგანან. ვინ არიან და რომელი ქვეყნებიდან შემოჰქონდათ სატვირთო მანქანების სამალავებით დიდი ფული - დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილს ირჩევს.

ცნობილი ხდება საქმის კიდევ ერთი მონაწილის - ელდარ ჰუსეინოვის შესახებ, რომელიც ასევე დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა, თუმცა რა როლი ჰქონდა მას ეს ჯერ უცნობია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022-24 წლებში, ჯამში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო გაათეთრა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო დროინდელი ქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ეფექტიან მუშაობაზე მეტყველებს.