რა მოხდება, თუ ოკეანეში სიცოცხლე გაქრება: მეცნიერები პროგნოზს აკეთებენ

ოკეანე

ოკეანე შთანთქავს ნახშირორჟანგის დაახლოებით 25%-ს, რომელსაც ადამიანები ყოველწლიურად ატმოსფეროში გამოყოფენ, ძირითადად ოკეანის სიცოცხლის დამსახურებით.

როგორ შეიცვლება პლანეტის კლიმატი, თუ ოკეანეში ყველა სიცოცხლე გაქრება?

როგორც Earth.com იუწყება, ნორვეგიაში NORCE-სა და ბიერკნესის კლიმატის კვლევის ცენტრის მეცნიერებმა შექმნეს დეტალური სიმულაციები, რათა შეესწავლათ, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული წყალში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მართვისთვის. შედეგები გასაკვირი და ამავდროულად, შემზარავია.

კვლევის დროს მეცნიერებმა სიმულაციის ორი ვერსია გამოიყენეს: ერთი ზღვის ბინადრებით, მეორე კი მის გარეშე. როდესაც მათ სურათიდან ზღვის სიცოცხლე ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ ატმოსფერული CO2-ის დონე დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.

„ამავდროულად, მოდელირებამ აჩვენა, რომ თუ ყველა საზღვაო სიცოცხლე განადგურდება, ხმელეთის ეკოსისტემები შთანთქავენ ნახშირორჟანგის დაახლოებით ნახევარს, რომლის შთანთქმასაც ოკეანე ვერ შეძლებს საზღვაო სიცოცხლის გარეშე“, - თქვა კვლევის თანაავტორმა დამიენ კესპელმა.

კავშირი ოკეანის სიცოცხლესა და CO2 დონეს შორის

მეცნიერებმა დედამიწის კლიმატის მოდელირება ორ დროის პერიოდში გააკეთეს: სანამ ადამიანები დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის დაწვას დაიწყებდნენ (1850 წლამდე) და მაღალი გამონაბოლქვის მომავალში. მათ კვლავ გამოუშვეს მოდელი ზღვის ბინადრებით და მათ გარეშე.

„ყველა შემთხვევაში, ატმოსფეროში გაცილებით მეტი CO2 დარჩებოდა, თუ ზღვის ყველა ცოცხალი ორგანიზმი აღმოიფხვრებოდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ოკეანის ზედაპირზე სიცოცხლის მიერ CO2-ის მოხმარების გარეშე, ოკეანის ზედაპირზე CO2-ის შემცველობა გაცილებით მაღალი იქნებოდა“, - განმარტა ტიპუტრამ.

ასე რომ, თუ ზღვის სიცოცხლე გაქრება, მსოფლიო, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად გათბება, აღნიშნავენ მკვლევრები.

„ზღვის ბინადრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში. ჩვენი კვლევა ნათლად უსვამს ხაზს კავშირს ზღვის ეკოსისტემების დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას შორის“, - თქვა ტიპუტრამ.