რა იწვევს არამწეველ ადამიანებში ფილტვების კიბოს - უახლესი კვლევა

ფილტვის კიბო

არამწეველ ადამიანებში ფილტვების სიმსივნის შემთხვევები სწრაფად იმატებს. ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ჰაერის დაბინძურება იყოს. გენომის კვლევამ დაადასტურა, რომ სმოგი და ნამწვი ფილტვების დაავადებებთან დაკავშირებული დნმ-ის მუტაციებთან მჭიდრო კავშირშია. შედეგები იგივე იყო როგორც მწეველებთან, ასევე არამწეველებთან.

მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ ფილტვების სიმსივნეს იწვევს. მათ მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ამგვარი კავშირი შესაძლებელია, არსებობდეს.

„არამწეველებში ფილტვების სიმსივნის მაჩვენებელი იმატებს, რაც სერიოზული პრობლემაა. ამის გამომწვევი მიზეზი დანამდვილებით ჯერ კიდევ არ ვიცით", - ამბობს მეცნიერი ლუდმილ ალექსანდროვი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან - "ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება იმ ტიპის დნმ-ის მუტაციებთან, რომლებიც ძირითადად მოწევას უკავშირდება, მჭიდრო კავშირშია".

ამ მასშტაბურ საერთაშორისო ანალიზში ოთხი კონტინენტიდან 871 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ფილტვების კიბო ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არ მოუწევიათ. მათ, ვინც მაღალი დაბინძურების რეგიონებში ცხოვრობდნენ, უფრო მეტად TP53 და EGFR გენების მუტაციებით აღენიშნებოდათ, ისევე, როგორც მოკლე ტელომერები.

TP53 და EGFR გენები ფილტვის კიბოს დამახასიათებელი ნიშნებია. მოკლე ტელომერები კი სწრაფ დაბერებას უკავშირდება. იმ არამწეველებს, რომლებიც დაბინძურებულ რეგიონში ცხოვრობენ, SBS4 მუტაციის განვითარების თითქმის 4-ჯერ მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ძირითადად სუფთა ჰაერს სუნთქავს.

სიმსივნის რისკფაქტორია მოწევაც. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ პასიურ მწეველებს მუტაციების განვითარების შანსი არც ისე მაღალი ჰქონდათ.

"თუ პასიური მოწევის ეფექტი მართლაც მუტაგენურია, შესაძლოა, ის ისეთი სუსტი იყოს, რომ ჩვენი ინსტრუმენტებით მისი აღმოჩენა ჯერ ვერ ხერხდებოდეს", - აცხადებს გენეტიკოსი თუნგუ ჭანგი აშშ-ის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტიდან (NIH).

დღეს აშშ-ში ფილტვის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 10-20 პროცენტი მათზე მოდის, ვისაც მთელ ცხოვრებაში 100 სიგარეტზე ნაკლები ან საერთოდ არ მოუწევია. მეცნიერებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება, სიმსივნის გამომწვევი იყოს. მიუხედავად ამისა, რამდენად მსგავსია უარყოფითი ეფექტი მტვრის ნაწილაკებისა და მოწევის ზემოქმედების შემთხვევაში, ეს გაურკვეველია.

ზოგიერთი კვლევა მიანიშნებს, რომ დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება, ისეთივე მავნე იყოს, როგორც დღეში ერთი კოლოფის მოწევა. ამჟამინდელმა კვლევამ ეს საკითხი უფრო ღრმად შეისწავლა და გენომურ მექანიზმებს დააკვირდა. მეცნიერებმა 871 არამწეველის ფილტვის სიმსივნე 345 მწეველისას შეადარეს, რათა მსგავსებები და განსხვავებები დაედგინათ.

არამწეველთა უმეტესობას ფილტვის ადენოკარცინომა (ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი) ჰქონდა. თითქმის 5-პროცენტს SBS4 მუტაცია აღენიშნებოდა. გარდა ამისა, 28-პროცენტ არამწეველს ახალი მუტაცია, SBS40a, ჰქონდა, რომელიც მწეველებში ვერ იპოვეს.

"ეს მუტაცია კვლევის ფარგლებში მონაწილეების უმრავლესობაში ვნახეთ, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, რა იწვევს მას", - ამბობს ალექსანდროვი.

აღსანიშნავია, რომ კვლევა მხოლოდ რეგიონული ჰაერის დაბინძურების მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს. გარდა ამისა, შესაძლოა, რაღაც შემთხვევებში ინფორმაცია ზუსტი არ იყო.

ამ შეზღუდვების მიუხედავად, კვლევის საერთო დასკვნები სხვა მტკიცებულებებსაც ემთხვევა. ისინი მიანიშნებს, რომ სმოგსა და ნამწვს სიმსივნის გამოწვევაში ისეთივე როლი აქვს, როგორიც სიგარეტის ქიმიურ ნივთიერებებს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში კვლევა გლობალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება.