საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1752176870
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას და აღნიშნული წერილი ერთგვარი გადაფარვაა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებისა.
„მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, თუ კი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის, სადაც გაკეთებულია აპელირება არჩევნებზეა და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.