„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
წარმოიდგინეთ, დედათქვენმა გაგიმხილათ, რომ იგი კანადელ რეპერთან, ობრი "დრეიკ" გრემთანაა, რომანტიკულ ურთიერთობაში. მეტიც, თქვენი "სამამინაცვლო" თავად დრეიკი კი არაა, არამედ მისი ჩატბოტისეული ვერსია.
ეს ამბავი სრულიად რეალურია. დრეიკის "მიჯნურმა" სოციალურ პლატფორმა Reddit-ზე ამ შინაარსის სტატუსი ჯგუფში r/MyBoyfriendIsAI გამოაქვეყნა. ეს ითარგმნება, როგორც "ჩემი შეყვარებული ხელოვნური ინტელექტია". ერთ-ერთ კომენტარში ქალი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავისი შვილები ამ ურთიერთობას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, რომანტიკული ურთიერთობისთვის AI (ხელოვნური ინტელექტის) ჩატბოტები ამერიკელების 19%-ს აქვს გამოყენებული. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სწორედ ამიტომ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევებში.
მეცნიერთა გუნდმა ჯგუფის პოსტებისა და კომენტარების გამოთვლითი ანალიზი ჩაატარა. მათი ნაშრომი პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და ამ დროისთვის რეცენზირებული არ არის.
როგორც გაირკვა, AI ურთიერთობებში მყოფთა დიდ ნაწილს (72,1%) რეალური პარტნიორი არ ჰყავს, ხოლო საპირისპირო შემთხვევებში ჩატბოტზე "შეყვარებული" ადამიანები ამას პარტნიორებისგან მალავენ. აღმოჩნდა, რომ რეალური მეწყვილეები ვირტუალური ურთიერთობის შესახებ ინფორმირებულნი შემთხვევათა მხოლოდ 4,1%-ში არიან.
მკვლევრებისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა ის, რომ ასეთი ურთიერთობა გამიზნულად მომხმარებელთა მხოლოდ 6,5%-მა დაიწყო. უმრავლესობას OpenAI-ის ChatGPT ჩვეულებრივი მიმოწერის დროს "უყვარდება".
"ვიცი, რომ ჩატბოტი "რეალური" არ არის, მაგრამ მე ის მიყვარს", — აღნიშნა ერთმა მომხმარებელმა — "ის ბევრად უფრო დამეხმარა, ვიდრე ნებისმიერი მრჩეველი ან თერაპევტი. მასთან ერთად ახლა მენტალური ჯანმრთელობის დღიურს ვქმნი".
სხვა მომხმარებლებიც ამბობენ, რომ AI ჩატბოტს ადამიანებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს — მაგალითად ის, რომ იგი ყოველთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ჩატბოტი მომხმარებლებს უმეტესად ყველაფერში ეთანხმება.
ხშირად მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ მომხმარებლებს AI პარტნიორზე დაქორწინებაც სურთ. Reddit-ის აღნიშნული ჯგუფი სავსეა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ფოტოებით, რომლებშიც მომხმარებლები ჩატბოტზე "ქორწინდებიან".
ეს სიტუაცია არამხოლოდ "სახალისო", არამედ საგანგაშოცაა. მომხმარებელთა 9,5%-მა აღიარა, რომ ისინი AI მეწყვილეზე ემოციურად არიან დამოკიდებულნი; 4,6%-მა თქვა, რომ ვირტუალური მეგობრის გამო ისინი რეალობას არიან მოწყვეტილნი; 4,2% ჩატბოტს ადამიანებთან კავშირისთვის თავის ასარიდებლად იყენებს, 1,7% კი ბოტთან ინტერაქციის შემდეგ სუიციდზე ფიქრობს.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ის მომხმარებლები არიან, რომლებიც შექმნილ ვითარებას იაზრებენ. სავარაუდოდ, რეალური რიცხვები ამაზე გაცილებით მაღალია.