მეცნიერებმა თაგვებში აუტიზმის სიმპტომების წარმატებულ რემისიას მიაღწიეს

თაგვებში აუტიზმის სიმპტომების წარმატებულ რემისიას მიაღწიეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით ტვინის ერთ-ერთ უბანში გადაჭარბებული აქტივობა აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ ქცევებს იწვევს. ექსპერიმენტული მკურნალობის შედეგად ტვინში ეს აქტივობა დაითრგუნა და აუტიზმთან დაკავშირებული სიმპტომებიც გაქრა.

მეცნიერები ექსპერიმენტებს თაგვებზე ატარებდნენ და აქცენტს ძირითადად თალამუსის ბადისებრ ბირთვზე აკეთებდნენ. ესაა ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც სენსორულ ინფორმაციას ამუშავებს და ტვინის სხვა უბნებში ანაწილებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს სტრუქტურა აუტიზმის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 

ტვინის ამ უბანში ზედმეტი აქტივობის დასათრგუნად მეცნიერებმა პრეპარატები გამოიყენეს, რის შედეგადაც თაგვებში აუტიზმის მსგავსი სიმპტომები გაქრა. შემცირდა ეპილეფსიური შეტევებისადმი მიდრეკილება და სტიმულებზე გაძლიერებული მგრძნობელობა.

ასეთ პრეპარატებს ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებად ქცევის პოტენციალიც აქვს, რაც გვანიშნებს, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობისა და ეპილეფსიის გამომწვევი მექანიზმები შესაძლოა მსგავსი იყოს. ამ ფაქტით აიხსნება, თუ რატომ გვხვდება ხშირად ეს ორი მდგომარეობა ერთი და იგივე ადამიანში.

მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ აუტიზმი თალამუსსა და ტვინის ქერქს უკავშირდება. ამის მიუხედავად, აქამდე არ ვიცოდით, თუ კონკრეტულად რა როლს ასრულებდა ამ პროცესში თალამუსის ბადისებრი ბირთვი.

ახალ კვლევაში ავტორებმა თაგვების ტვინის ამ რეგიონის ნერვული აქტივობა და ცხოველების ქცევა შეისწავლეს. იმ თაგვებში, რომლებსაც აუტიზმის მსგავსი გენეტიკური დაავადება ჰქონდათ თალამუსის ბადისებრი ბირთვიც განსაკუთრებით აქტიური იყო. გააქტიურება ხშირად მაშინ შეინიშნებოდა, როცა თაგვები სინათლის, ჰაერის ნაკადისა ან სხვა სტიმულების ზემოქმედებას განიცდიდნენ. ამ ბირთვის ზედმეტმა აქტივობამ თაგვებში კრუნჩხვები გამოიწვია.

აუტიზმის მქონე ადამიანებში ეპილეფსია გაცილებით ხშირად გვხვდება, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ამ კავშირის გამო მეცნიერებმა ახალი პრეპარატი, სახელად Z944, გამოცადეს, რომელსაც კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. აღმოჩნდა, რომ ამ წამალმა აუტიზმის მქონე თაგვებში ქცევითი დარღვევები შეამცირა. 

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შთამბეჭდავია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და ადამიანებში ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის. Z944 და მსგავსი პრეპარატები მომავალში შეიძლება აუტიზმისა და ეპილეფსიის სიმპტომების შესამსუბუქებელ მნიშვნელოვან იარაღად გამოვიყენოთ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მეთოდების უფრო საფუძვლიანად შესწავლა ეფექტიან და მიზანმიმართულ მკურნალობას უზრუნველყოფს.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.