1764956061
მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს
მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა.
სპეციალისტებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის მეშვეობით არასასურველი შედეგის მქონე ინიექციის 100 შემთხვევა შეისწავლეს. ისინი კლინიკებს სწორედ ულტრაბგერითი ანალიზის ჩატარებას ურჩევენ, სანამ კანში ამოსავსებ ნივთიერებას შეიყვანენ.
კვლევამ აჩვენა, რომ გაანალიზებული შემთხვევების თითქმის ნახევარში სისხლი არ მიედინებოდა მომცრო სისხლძარღვებში, რომლებიც ზედაპირულ არტერიებს უფრო ღრმა არტერიებთან აკავშირებს; შემთხვევების მესამედში მიმოქცევის დარღვევა შენიშნეს მთავარ სისხლძარღვებშიც.
სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ ინიექციამდე ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებას, რათა ნივთიერება არტერიებთან ზედმეტად ახლოს არ დაგროვდეს. გართულებებისას იმავე მეთოდითაა შესაძლებელი იმ ადგილის პოვნაც, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
ამისთვის სპეციალისტები ჰიალურონიდაზას იყენებენ, რომლითაც ფილერს შლიან. თუკი მათ ზუსტად ეცოდინებათ, სად უნდა შეიყვანონ ეს ფერმენტი, უკეთეს შედეგს მიიღებენ და ნაკლები ნივთიერება დასჭირდებათ.











