მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ერთი საკმაოდ გავრცელებული ინფექცია სწრაფად ხდება პრეპარატებისადმი რეზისტენტული

კანდიდოზი

კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში. იწვევს სოკო Candida, კერძოდ კი საფუარი Candida albicans-ი.

მიუხედავად იმისა, რომ საფუარი ინფექციები მარტივად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, Candida-ს სულ უფრო მეტი სახეობა ივითარებს ამ პრეპარატებისადმი რეზისტენტულობას, მათ შორის, კანდიდოზის გამომწვევი სახეობებიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შემოწმებული Candida-ს სისხლის ნიმუშების დაახლოებით შვიდი პროცენტი რეზისტენტულია ფლუკონაზოლისადმი — პირველი ხაზის პრეპარატი, რომელსაც Candida-ს ინფექციათა უმეტესობის სამკურნალოდ იყენებენ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მცირდება პრეპარატთა არჩევანი რუტინული კანდიდოზის ინფექციების სამკურნალოდაც კი — რაც მათ მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს. ასევე ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მწვავეა Candida-ს ინფექცია, რაც შეიძლება მოხდეს შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ან ანტიბიოტიკების ხანგრძლივ კურსზე მყოფებში — მით უფრო რთულდება მისი მართვა.

სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტობამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მორეციდივე კანდიდოზს (კანდიდოზის ინფექციები, რომლებიც უკან ბრუნდება). ეს მთელ მსოფლიოში 138 მილიონ ქალს აწუხებს, მაგრამ მეცნიერთა პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 158 მილიონამდე გაიზრდება.

გასულ ორ ათწლეულში სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტობის ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა.

2000-იანი წლების დასაწყისსა და შუა წლებში, სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტულობა იშვიათი იყო. ფლუკონაზოლი კარგად მუშაობდა Candida albicans-ის ინფექციების უმეტესობის წინააღმდეგ; მისადმი რეზისტენტული ინფექციათა ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო.

თუმცა, Candida albicans-ი ძლიერ ადაპტირებადი მიკროორგანიზმია, რომელიც შესაბამის პირობებში ადვილად გამოიმუშავებს რეზისტენტობას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.

კვლევები აჩვენებს, რომ Candida albicans-ის რეზისტენტულობა სულ მცირე ბოლო რვა წლის განმავლობაში აღმავალია. 2024 წელს ეგვიპტეში ჩატარებული პატარა კვლევის თანახმად, სისხლის ნიმუშებიდან აღებული Candida albicans-ის იზოლატების თითქმის 26 % ფლუკონაზოლისადმი რეზისტენტული იყო.

თუმცა, უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, არის თუ არა ასეთივე სურათი მსოფლიოს მასშტაბით.

Candida სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი რეზისტენტულობას გენეტიკური მუტაციების მეშვეობით გამოიმუშავებს, რაც მათ ნაკლებად მოწყვლადს ხდის ამ პრეპარატებისადმი ან ეხმარება პრეპარატის ეფექტიანობის შემცირებაში.

ამას გარდა, Candida-ს შეუძლია, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებისგან თავი დაიცვას მყარი ბიოსაფარის (ბიოფილმი) წარმოქმნით. სოკოვანი უჯრედების ეს თხელი ფენები მათ ისე ბლოკავს, რომ პრეპარატის შეღწევა შეუძლებელი ხდება და სოკოს ეხმარება, რომ უკან გამოიტანოს მასში შეღწეული ნებისმიერი პრეპარატი. შედეგად, ზოგიერთი უჯრედი მოსვენებულ მდგომარეობაში იმალება მკურნალობის დასრულებამდე.

Candida-ს ასევე შეუძლია შეცვალოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატთა მიერ მიზანში ამოღებულ მოლეკულათა სტრუქტურა, რათა ხელი შეუშალოს პრეპარატის ეფექტიან შეკავშირებას.

მთავარი მიზეზი, რის გამოც Candida ინფექციები ძნელად სამკურნალო ხდება, არის ის, რომ სოკოები ადაპტირდებიან, რომ გადაურჩნენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს.

თუმცა, ეს რეზისტენტულობა შემთხვევით არ ხდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც ამ პრობლემაში წვლილი შეაქვს, მათ შორის არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორი და ჭარბი გამოყენება (არა მხოლოდ ადამიანების მიერ, არამედ სოფლის მეურნეობაშიც) და ხელმისაწვდომ ეფექტიან პრეპარატთა შეზღუდული რაოდენობა (მათი შექმნა რთულია და ძვირი).

გარემოს ტემპერატურის ზრდა, ეკოლოგიური სტრესი და ფუნგიციდების გამოყენება ასევე ქმნის სიცხისადმი ტოლერანტულ და პრეპარატებისადმი რეზისტენტულ Candida-ს შტამებისთვის ხელსაყრელ გარემოს. მათ შორის არის Candida auris-ი, რომელიც ძლიერ რეზისტენტულია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატთა მრავალი კლასის მიმართ და იწვევს მწვავე ინფექციას შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

Candida ძირითადად გადადის პირისპირ კონტაქტით, სექსუალური კონტაქტით, დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან კონტაქტით. სამედიცინო დაწესებულებებში Candida ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული სამედიცინო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მეშვეობით... სრულად