14 თებერვალი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - როგორ მოვამზადოთ წანდილი (კორკოტი)
1771000414
მუდმივი ინტელექტუალური აქტივობა, მათ შორის წერა, კითხვა და უცხო ენების შესწავლა, დემენციის განვითარების ალბათობას თითქმის 40%-ით ამცირებს, - ასეთ დასკვნამდე ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარეს.
დემენცია გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მედიკოსების პროგნოზით, საუკუნის შუა პერიოდისთვის ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა გასამმაგდება და 150 მილიონს გადააჭარბებს, რაც სოციალური უზრუნველყოფის სისტემებზე უპრეცედენტო დატვირთვას შექმნის.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გონებრივი სტიმულაციის მქონე აქტივობებში ჩართულობა პირდაპირ კავშირშია ალცჰაიმერის დაავადების დაბალ რისკთან და კოგნიტიური ფუნქციების შენელებულ გაუარესებასთან.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კოგნიტიური ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკში დიდწილად დამოკიდებულია მთელი ცხოვრების განმავლობაში ინტელექტუალურად მდიდარი გარემოს ზემოქმედებაზე“, - აღნიშნა კვლევის ავტორმა ანდრეა ცამიტმა.
კვლევის ფარგლებში, სპეციალისტები აკვირდებოდნენ თითქმის 2000 ადამიანს, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელი იყო და თავიდან კოგნიტიური დარღვევები არ აღენიშნებოდათ. 8 წლის განმავლობაში მონაწილეები ავსებდნენ კითხვარებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - ახალგაზრდობაში, სიმწიფესა და სიბერეში მათ გონებრივ აქტივობას აფასებდა.
კვლევის მიმდინარეობის პერიოდში ალცჰაიმერის დაავადება 551 ადამიანს განუვითარდა, ხოლო 719-ს - მსუბუქი კოგნიტიური დარღვევა.
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ინტელექტუალური აქტივობის მქონე ჯგუფების შედარებამ მკვეთრი კონტრასტი აჩვენა: პირველ ჯგუფში ალცჰაიმერი მონაწილეთა 21%-ს განუვითარდა, მაშინ როცა მეორეში ეს მაჩვენებელი 34% იყო.
ასაკისა და განათლების დონის გათვალისწინების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მაღალი ინტელექტუალური აქტივობა ალცჰაიმერის დაავადების რისკს 38%-ით, ხოლო მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების რისკს 36%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ინტელექტუალურად ყველაზე აქტიურ ადამიანებში ალცჰაიმერის დიაგნოსტირება საშუალოდ 94 წლის ასაკში ხდებოდა, რაც 5 წლით გვიანია, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ჯგუფში. მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების განვითარების დაყოვნებამ კი 7 წელი შეადგინა.
იმ მონაწილეთა მონაცემების ანალიზმა, რომლებსაც ავტოფსია ჩაუტარდათ, ასევე აჩვენა, რომ მაღალი ინტელექტუალური აქტივობის მქონე ადამიანებს სიცოცხლის ბოლომდე უკეთ ჰქონდათ შენარჩუნებული მეხსიერება და აზროვნება, ხოლო მათი გაუარესების პროცესი სიკვდილის წინ გაცილებით ნელა მიმდინარეობდა.