კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა თაგვმა 9 ნაშიერი გააჩინა - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

თაგვი

ჩინეთის კოსმოსური სადგურის ბორტზე 14-დღიანი მისიის შემდეგ მდედრმა თაგვმა დედამიწაზე წარმატებით გააჩინა ცხრა ჯანმრთელი ნაშიერი. როგორც Interesting Engineering წერს, ფაქტი, რომელიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსის გამოყენების ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ცენტრმა დაადასტურა, კოსმოსური ბიოლოგიისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევა.

მისიის „შენჯოუ-21“ ფარგლებში, 31 ოქტომბერს ოთხი თაგვი გაიგზავნა კოსმოსურ სადგურ „ტიანგუნზე“. 14 ნოემბერს დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი თაგვი წარმატებით დაორსულდა და 10 დეკემბერს ცხრა ნაშიერი გააჩინა.

„დედა ნორმალურად უვლის შთამომავლობას, ხოლო ნაშიერები ‘მაღალ სიცოცხლისუნარიანობას’ ავლენენ. მათგან ექვსი ამჟამად კარგად ვითარდება, რაც ადასტურებს, რომ მოკლევადიანი კოსმოსური ფრენები ძუძუმწოვრების რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს“, - აღნიშნულია მასალაში.

ოთხი თაგვი, რომლებიც კოსმოსური სადგურის ბორტზე მცირე ძუძუმწოვრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მოდულში იმყოფებოდნენ, მიკროგრავიტაციის უნიკალურ პირობებში გადარჩენისა და ადაპტაციის კვლევის ობიექტები გახდნენ.

მკვლევართა თქმით, კოსმოსში ყოფნისას თაგვებს მოულოდნელ სირთულეებთან მოუწიათ შეჯახება. კერძოდ, კოსმოსურმა ნამსხვრევებმა აიძულა მისიის „შენჯოუ-20“ წინა ეკიპაჟი მოულოდნელად შეეცვალა დაბრუნების გრაფიკი, რის შედეგადაც მღრღნელები საკვების მარაგის გარეშე დარჩნენ, რომელიც სწრაფად ამოიწურა.

„სახმელეთო ჯგუფებმა და კოსმონავტებმა საგანგებო სამაშველო მისია დაიწყეს. კოსმოსური სადგურის გარე წყლის ინტერფეისის პროფილის შეცვლით მათ წარმატებით მიაწოდეს სითხე საცხოვრებელ მოდულს, რათა თაგვებისთვის წყალი უზრუნველეყოთ, პარალელურად კი ავარიული კვების ალტერნატიულ ვარიანტებს ამოწმებდნენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ასევე, ასტრონავტებმა ადამიანებისთვის განკუთვნილი საკვების მარაგები შეამოწმეს, რათა ეპოვათ პროდუქტები, რომლებიც თაგვებისთვისაც იქნებოდა ვარგისი. დედამიწაზე ჩატარებული ინტენსიური ტესტირების შემდეგ მათ იდეალური ვარიანტი აღმოაჩინეს და ეს იყო სოიოს რძე.

გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქცევის ანალიზის სისტემა თაგვებს რეალურ დროში აკვირდებოდა, თითოეულ ყლუპსა და თითოეულ ძილს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ საგანგებო რაციონი ეფექტიანად მუშაობდა.

„მისია ადასტურებს, რომ მოკლევადიანმა კოსმოსურმა ფრენამ თაგვების რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინა, რაც ასევე უაღრესად ღირებულ მასალას გვაძლევს კოსმოსური გარემოს ზემოქმედების შესასწავლად ძუძუმწოვრების ადრეულ განვითარებაზე“, - აღნიშნა ჩინელმა მკვლევარმა, ზოოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ვან ჰუნმეიმ.

ამჟამად მეცნიერები ნაშიერების განვითარების დინამიკას აკვირდებიან, საბოლოო მიზანია გაირკვეს -  შეძლებენ თუ არა ეს შთამომავლები მომავალში საკუთარი შვილის ყოლას.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მომავალი კოსმოსური მოგზაურობებისთვის. თუ ადამიანები ოდესმე მთვარეზე ან მარსზე კოლონიზაციას დაიწყებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ სიცოცხლის გაგრძელება შესაძლებელია“, - აღნიშნულია გამოცემაში.