იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება

სფინქსი

იტალიელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს - თანამგზავრული რადარებისა და მოწინავე სკანირების ტექნოლოგიის (SAR) გამოყენებით, მკვლევრებმა ქვიშის ქვეშ გეომეტრიული ანომალიები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა ლეგენდარული დიდი სფინქსის „ტყუპი“ ძეგლი აღმოჩნდეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.

გარდა სავარაუდო სფინქსისა, რადარებმა გიზას პლატოს ქვეშ ვერტიკალური შახტების, ჰორიზონტალური გვირაბებისა და დიდი დარბაზების მთელი ქსელი დააფიქსირეს. დოქტორ ბიონდის განცხადებით, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიწისქვეშ ნამდვილი მეგასტრუქტურა იმალება, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.

თუმცა, აღმოჩენამ სამეცნიერო წრეებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცნობილი ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი და სხვა ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ გიზას ტერიტორია ათწლეულების განმავლობაში დეტალურად არის შესწავლილი და მსგავსი მასშტაბის ობიექტის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. იტალიელი მკვლევრების ჯგუფი მიღებული მონაცემების სრულად გასაჯაროებას და პრეზენტაციას 2026 წლის ივნისში, ბოლონიის კონფერენციაზე გეგმავს.