„განკითხვის დღე“ 13 ნოემბერს - რა იწინასწარმეტყველეს მეცნიერებმა 66 წლის წინ

13 ნოემბერი

2026 წლის 13 ნოემბერი პარასკევს ემთხვევა. თარიღს, რომელიც ექვსი ათწლეულის წინ გამოქვეყნებულმა სამეცნიერო ნაშრომმა განსაკუთრებულად აქცია.

1960 წელს მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ მსოფლიოს მოსახლეობა იმავე ტემპით გააგრძელებდა ზრდას, გარკვეულ მომენტში მისი რაოდენობა მათემატიკურ უსასრულობას მიუახლოვდებოდა. ამ გამოთვლით მიღებული თარიღი სწორედ 2026 წლის 13 ნოემბერი იყო.

მაშინ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა სახელწოდებით „განკითხვის დღე: პარასკევი, 2026 წლის 13 ნოემბერი“ დიდი ყურადღება მიიპყრო.

მიუხედავად შემაშფოთებელი სათაურისა, მეცნიერები დედამიწის განადგურებას კონკრეტულ დღეს არ წინასწარმეტყველებდნენ. მათი კვლევის მთავარი მიზანი მოსახლეობის სწრაფი ზრდის შესაძლო შედეგებზე ყურადღების გამახვილება იყო.

ნაშრომის ავტორები იყვნენ ავსტრიელ-ამერიკელი მეცნიერი ჰაინც ფონ ფოერსტერი და მისი კოლეგები — პატრიცია მორა და ლოურენს ამიოტი. მათ დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის შესახებ შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს და მათემატიკური მოდელი შექმნეს.

მკვლევრების ვარაუდით, ადამიანების უნარი, ითანამშრომლონ, განავითარონ ტექნოლოგიები და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები იპოვონ, მოსახლეობის ზრდასაც აჩქარებდა. მათ ისტორიული მონაცემების საფუძველზე ისეთი მრუდი მიიღეს, რომელიც გარკვეულ მომენტში უსასრულობისკენ მიემართებოდა.

ამ მოდელის მიხედვით, კრიტიკული თარიღი 2026 წლის ნოემბერი იყო. 13 ნოემბერი კი ნაშრომის ცნობილ სათაურში მოხვდა.

მეცნიერების პროგნოზი ათწლეულების განმავლობაში ყურადღებას იქცევდა, რადგან მოსახლეობის ზრდის ტენდენციებს გარკვეულ პერიოდამდე საკმაოდ კარგად აღწერდა. თუმცა, დაახლოებით 1990-იანი წლებიდან რეალური მაჩვენებლები მოდელის გამოთვლებს ჩამორჩა.

რატომ აღარ შეესაბამება პროგნოზი დღევანდელ რეალობას?

მთავარი მიზეზი მსოფლიოში დემოგრაფიული ტენდენციების ცვლილებაა. მრავალ ქვეყანაში შობადობა შემცირდა, ოჯახები უფრო ნაკლებ შვილს აჩენენ და მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდა.

გაეროს 2024 წლის დემოგრაფიული პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობა 2024 წელს დაახლოებით 8,2 მილიარდი იყო. ორგანიზაციის შეფასებით, მოსახლეობამ შესაძლოა მაქსიმალურ მაჩვენებელს, დაახლოებით 10,3 მილიარდ ადამიანს 2080-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწიოს, რის შემდეგაც კლება დაიწყოს.

უნდა ველოდოთ თუ არა 13 ნოემბერს კატასტროფას?

თანამედროვე სამეცნიერო მონაცემები არ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წლის 13 ნოემბერს კაცობრიობას განსაკუთრებული კატასტროფა ან სამყაროს აღსასრული ემუქრება.

66 წლის წინანდელი ნაშრომი დღესაც აქტუალურია, რადგან მოსახლეობის ზრდა, რესურსების მოხმარება და გარემოს დაცვა კვლავ მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებად რჩება.

თუმცა 13 ნოემბრის „განკითხვის დღედ“ გამოცხადებას მეცნიერული საფუძველი არ აქვს.

✕