17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ევროკავშირში შეუზღუდავი, დაუსრულებელი "სქროლვა", ანუ ე.წ. რილსების ულიმიტო თვალიერება შეიზღუდება. ევროპულმა კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პირველი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც ამ მხრივ შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა, ჩინური TikTok-ის შემქმნელი ByteDance-ია. როგორც ირკვევა, ციფრული გართობის პოპულარულ პლატფორმაზე უნდა დაწესდეს ეკრანის გამოყენების დროის ლიმიტი, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ პროგრამამ მომხმარებელს აღარ მისცეს ახალი “რილსების” ყურების საშუალება და აიძულოს, დროებით შეწყვიტოს მისი გამოყენება. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება ციფრული მომსახურების აქტის ფარგლებში მიიღო და მის აღსასრულებლად ByteDance-სს რამდენიმე კვირა მიეცა. თუ ჩინური ტექ-გიგანტი საჭირო ზომებს არ გადადგამს და TikTok-ში ახალ დიზაინს არ ჩააშენებს, ის დაჯარიმდება და პირველ ჯერზე წლიური შემოსავლების 6%-ის გადახდა მოუწევს.
ევროპულ კომისიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება პირველი, თუმცა არა უკანასკნელი შემთხვევა, როცა ევროკავშირი ციფრული მომსახურების აქტის ფარგლებში კომპანიებს მსგავსი ზომების შემოღებას დაავალდებულებს. არსებული ინფორმაციით, დაწყებულია მოლაპარაკებები მარკ ცუკერბერგის ტექ-გიგანტ Meta-სთან, რომლის საკუთრებაშიცაა სოციალური მედიის პლატფორმები: Facebook-ი და Instagram-ია. ასევე Google-თან, რომელიც Youtube-ს ფლობს. ე.წ. დაუსრულებელი სქროლვის შეზღუდვის მიზეზებზე საუბრისას ევროკავშირის ტექნოლოგიური კომისარი, ჰენა ვირკუნენი აცხადებს, რომ თანამედროვე ევროპაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც ჩინური, ისე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მომხმარებლების მონაცემების მოპოვება და დამუშავება. რადგან ეს მათ ევროკავშირის მოქალაქეების ერთგვარი ციფრული პროფილის შექმნაში, მათი ქცევების განსაზღვრასა და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისას მათზე ზეგავლენის მოხდენაში ეხმარება.