ნეონაცისტების კვალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში - როგორ მოქმედებდა ძალადობრივი დაჯგუფება

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

გიგა ავალიანის მკვლელობა, შესაძლოა, კარგად ორგანიზებულ ნეონაცისტურ ქსელთან იყოს დაკავშირებული. საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულებები, რომელიც ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობაში ბრალდებულებს ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებასთან აკავშირებს.

16 წლის ბიჭი, რომელზეც ეკა კუპატაძე საუბრობს, გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლეა. მასწავლებლის მკვლელობიდან მალევე, ის ნეონაცისტური დაჯგუფების მსხვერპლი გახდა. ხელწერა აქაც მსგავსია. ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებამ არასრულწლოვანი ჯერ სასტიკად სცემა, დააჩოქა, მობილურით ვიდეო გადაუღო და შემდეგ ჩანაწერი სოციალურ ქსელებში, მიზნობრივ ჯგუფში გაავრცელა. ამ ეპიზოდზე არასრულწლოვანი ნეონაცისტების ერთი ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. გიგა ავალიანის დედას აქვს ეჭვი, რომ ეს საქმე მისი შვილის მკვლელობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ნეონაცისტებთან კავშირის ეჭვებს ამყარებს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ის ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც სხვებთან ერთად, სწორედ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები ჩანან. ვიდეო კადრები დიდი დიღომში არის გადაღებული და სასტიკი ძალადობის არაერთ ეპიზოდს ასახავს.

საგამოძიებო ორგანოს ჩანაწერები ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებში წაშლილი და განადგურებული დახვდა. კადრები აღადგინეს და გაირკვა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობაში მხილებული მოზარდები დიდ დიღომში, სწორედ ნეონაცისტური ხელწერით თავს ესხმიან მოქალაქეებს და უმოწყალოდ უსწორდებიან. გიგა ავალიანზე თავდასხმის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დანაშაულს მობილური ტელეფონებით იღებდნენ. ბრალდებულთა მშობლები ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან კავშირს გამორიცხავენ, გიგა ავალიანის გარდაცვალებას კი უბედურ შემთხვევად მოიხსენიებენ.

ის, რის დამტკიცებასაც გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულთა მშობლები ითხოვენ, პროკურატურის ინფორმაციით, უკვე უტყუარად არის დამტკიცებული. "კურიერი P.S"-ის ინფორმაციით, საქმეში დევს ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. სხეულის და ხმის იდენტიფიკაციით დგინდება, რომ დიდი დიღმის ძალადობრივ სცენებში ფიგურირებს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული სამივე მოზარდი - საშკა გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი.

ერთ-ერთი ჩანაწერიც გიგა ავალიანის მკვლელობამდე ერთი დღით ადრეა გაკეთებული. კადრებში ჩანს, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი საშკა გაბაშვილი დანით და სხვა სახის იარაღებით პოზირებს. ჩანაწერში ის შეყვარებულის მასწავლებელზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ საუბრობს. ამის მიუხედავად, ბრალდებულის მამა გიგა ავალიანის გარდაცვალებას არა მისი შვილის, არამედ ექიმების ბრალეულობას უკავშირებს.

რა აკავშირებს გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტებს ნეონაცისტურ ქსელთან? ამის გასარკვევად, დიდი დიღმის ძალადობრივი სცენები შევადარეთ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის საფუძველზეც მაშინ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე 20-მდე მოზარდი დააკავეს. მოტივი, ხელწერა, ჩაცმის სტილი და დანაშაულის ამსახველი კადრების გადაღება - ეს ის დეტალებია, რომელიც გიგა ავალიანის საქმეს ნეონაცისტებთან კიდევ უფრო აკავშირებს. თავად ბრალდებულები ამ დრომდე არც მასწავლებლის მკვლელობაზე საუბრობენ და არც ორგანიზებულ ქსელზე.

ბრალდებულების ნეონაცისტების ქსელთან კავშირს იკვლევს პროკურატურაც. საგამოძიებო ორგანოში დაგვიდასტურეს, რომ საქმეში ბევრი უცნაური დამთხვევაა.

რა აქცევს მოზარდებს მოძალადეებად? - ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი "კურიერი პიესთან" ამბობს, რომ არასრულწლოვნების ნაწილი სხვისი დაჩაგვრით, გარკვეულ წრეში, აღიარების და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ეს მაშინ, როცა ამის დეფიციტს განიცდის ოჯახში, სკოლაში, ან სპორტში.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში მხილებულ სამ მოზარდს ბრალი ჯგუფური ძალადობის კიდევ სამ ეპიზოდზეც წარედგინა. ახლა ყველა ეს საქმე სასამართლოში ერთიანად განიხილება. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, აპრილში გამოაცხადებს. მანამდე კი საქმეში შესაძლოა ახალი გვარებიც გაჩნდეს.