დიდი ადრონული კოლაიდერი ოთხი წლით გააჩერეს

დიდი ადრონული კოლაიდერი ოთხი წლით გააჩერეს

ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის ოთხი წლით გეგმური გაჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც CERN-ში Long Shutdown 3-ს (ხანგრძლივი გათიშვა 3) უწოდებენ, კოლაიდერის ტექნიკური მომსახურება და მოდერნიზაცია იგეგმება. სამუშაოების მიზანია კოლაიდერის გარდაქმნა მაღალი სიკაშკაშის მოდერნიზებულ ამაჩქარებლად - HiLumi LHC.

თავდაპირველ კონსტრუქციასთან შედარებით, განახლებულ კოლაიდერს წამში 10-ჯერ მეტი შეჯახების წარმოება შეეძლება, რაც, მეცნიერების ვარაუდით, ბუნების ფუნდამენტური კანონების კვლევის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.

დიდ ადრონულ კოლაიდერს ტექნიკური მომსახურებისა და მოდერნიზაციისთვის რეგულარულად აჩერებდნენ. თუმცა, როგორც CERN-ში უსვამენ ხაზს, Long Shutdown 3-ის განმავლობაში კოლაიდერის ყველაზე მასშტაბური მოდერნიზაცია იგეგმება, 2008 წელს მისი მუშაობის დაწყების შემდეგ.

CERN-ის ინფორმაციით, განახლებული დიდი ადრონული კოლაიდერი ჰიგსის ბოზონის უფრო ზუსტად შესწავლის საშუალებას მოგვცემს - 2012 წელს ამ ნაწილაკის არსებობა სწორედ კოლაიდერის დახმარებით დადასტურდა.

დიდი ადრონული კოლაიდერის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება „ახალი ფიზიკის“ ძიება - იმ მოვლენებისა, რომლებიც სტანდარტული მოდელის ჩარჩოებს სცილდება.