ChatGPT-ს ახალი ფუნქცია ემატება

ChatGPT

ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI ახალ ფუნქციას Writing Style-ს ტესტავს, რომლის საშუალებითაც ჩატბოტი მომხმარებლის წერის სტილის შესწავლას დაკავშირებული აპლიკაციებიდან შეძლებს.

ფუნქცია ამ ეტაპზე მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. ChatGPT-ს შეუძლია სტილის მაგალითები მიიღოს ისეთი აპლიკაციებიდან, როგორიცაა Gmail, Slack, Google Drive და Notion, და შემდეგ ტექსტები მომხმარებლისთვის დამახასიათებელი მანერით შექმნას.

Writing Style-ის დახმარებით მომხმარებელს აღარ დასჭირდება სასურველი ტონის დეტალურად აღწერა ან საკუთარი ტექსტების მაგალითების ჩატში ხელით ჩასმა — სისტემა მის კომუნიკაციის სტილს უკვე არსებული მასალებიდან შეისწავლის.

OpenAI-მ ფუნქციის ტესტირება დაადასტურა, თუმცა უცნობია, როდის ან გახდება თუ არა Writing Style ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

მსგავსი ფუნქცია უკვე აქვს Anthropic-ის ჩატბოტ Claude-ს, თუმცა OpenAI-ის ვერსიის მთავარი განსხვავება დაკავშირებული აპლიკაციებიდან რეალური წერითი მაგალითების გამოყენებაა.