ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
შესაძლებელია, რომ იუმორი ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდეს? ამ საკითხის შესახებ მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რათა გაეგოთ, რამდენად აქვს კარგად ხუმრობის უნარს რაიმე გენეტიკური საფუძველი. მათ ერთმანეთს ათასზე მეტი ტყუპის მონაცემები შეადარეს, რისთვისაც ამ ადამიანებს საკუთარი იუმორის შეფასება და ნახატებისთვის სასაცილო წარწერების მოფიქრება სთხოვეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ საკუთარი თავის შეფასებაზე გავლენა ჰქონდა როგორც მონაწილეთა მემკვიდრეობით ფაქტორებს, ისე მათ გარემოსაც. მათ მიერ მოფიქრებული წარწერების დამოუკიდებლად გაანალიზებისას იუმორთან გენეტიკის მკაფიო კავშირი არ გამოვლენილა, თუმცა მცირე ეფექტის არსებობას ბოლომდე მაინც არ გამორიცხავენ. დადგინდა, რომ ყველა ინდივიდუალური სხვაობა უფრო მეტად კონკრეტული პიროვნებების გამოცდილებით იყო განპირობებული.
აქედან ასკვნიან, რომ ჩვენი იუმორის გრძნობა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა კოგნიტიური უნარები. შესაძლოა, ეს იმის ახსნაშიც დაგვეხმაროს, თუ რატომ ვხვდებით ასე იშვიათად კომიკოსებს ერთი ოჯახიდან, როცა კინოინდუსტრიაში, მუსიკასა თუ მწერლობაში მსგავსი შემთხვევები ხშირია.
კვლევის ხელმძღვანელი აბერისტუიტის უნივერსიტეტში მომუშავე ჯილ გრინგროსია. ის ამბობს, რომ იუმორის მნიშვნელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ ვლინდება ხოლმე ის მხოლოდ ერთ შთამომავალში ან როგორ ყალიბდება ადამიანში. მეცნიერი ამბობს, რომ გენეტიკასთან ასოციაციის არქონა მოულოდნელია, რადგან სხვა კოგნიტიური უნარები დიდწილად მემკვიდრეობითია (შემოქმედებითობა, მათემატიკური ნიჭი).
„გახუმრება მარტივი ჩანს, მაგრამ იუმორის ქონა რთული და უნიკალური მახასიათებელია, რომელსაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ინდივიდუალური ფაქტორები განაპირობებს. ის სოციალური კონტექსტის მიხედვითაც განსხვავებულია, როგორიც პაემანი ან გართობაა", - აცხადებს გრინგროსი.
ამის გამოკვლევა ევოლუციური თვალსაზრისითაც საინტერესოა. მიიჩნევა, რომ იუმორი საფრთხის შემცველი სიტუაციის განმუხტვაში, მეგობრების შეძენასა და მეწყვილის პოვნაში გვეხმარება, რაც გადარჩენასა და გამრავლებას უწყობს ხელს.
მეცნიერები ახლა ტყუპების სხვა ჯგუფებსაც იკვლევენ.