ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ღეროვანი უჯრედები კოსმოსში უფრო სწრაფად ბერდება

კოსმოსი

ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის ღეროვანი უჯრედები კოსმოსში გაცილებით სწრაფად იფიტება და ბერდება. ეს ფაქტი სერიოზული პრობლემაა ყველასთვის, ვისაც ჩვენი მზის სისტემის მასშტაბით ხანგრძლივი მოგზაურობა სურს.

მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კოსმოსში იმ ღეროვანი უჯრედების ცვლილებებს დააკვირდნენ, რომლებიც SpaceX-ის მისიების ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვდა. როგორც მკვლევრების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ღეროვანმა უჯრედებმა კოსმოსში ახალი უჯრედების გენერირების უნარი დაკარგა, დნმ-ის დაზიანების მიმართ უფრო მგრძნობიარეები გახდა და უფრო სწრაფად დაბერდა.

კვლევის შედეგები კოსმოსური ჯანმრთელობის შესახებ წინა კვლევებს ეფუძნება. ისინი კოსმოსში ხანგრძლივი დროით ყოფნისგან ადამიანებში გამოწვეულ პრობლემებს უსვამს ხაზს. მარსის მსგავსი პლანეტების კოლონიზაციამდე სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევს.

„ეს აღმოჩენები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვიჩვენებს, რომ კოსმოსური სტრესორები (მიკროგრავიტაცია და კოსმოსური რადიაცია) ღეროვანი უჯრედების მოლეკულურ დაბერებას აჩქარებს", — ნათქვამია კვლევის თანაავტორის და სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორის კატრიონა ჯემისონის განცხადებაში.

ადამიანის სხეული კოსმოსში ცხოვრებას არ არის შეგუებული. იქ ჩვენი სახეობა სრულიად განსხვავებული გარემო პირობების წინაშე დგება.

წინა კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანებს კოსმოსში ყოფნისას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები უვითარდებათ. მაგალითად, 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ორბიტაზე დიდხანს ყოფნისას ასტრონავტები ძვლის იმ მასას კარგავენ, რასაც ათი წლის განმავლობაში დედამიწაზე დაკარგავდნენ. მეცნიერები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ მარსის კოლონიზაციამ შესაძლოა დნმ-ის გარკვეული მოდიფიკაცია გამოიწვიოს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედები გამოიკვლიეს. ეს უჯრედები იმუნური სისტემის ჯანმრთელობასა და კიბოს იმუნურ ზედამხედველობას არეგულირებს. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მიკროგრავიტაციის ზემოქმედებამ შეიძლება იმუნურ და მეტაბოლურ ცვლილებებზე გავლენა მოახდინოს.

მეცნიერებმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოების გამოყენებით შენიშნეს, რომ უჯრედების ცვლილებები კოსმოსში აღებულ ნიმუშებში იმ ცვლილებების მსგავსი იყო, რომლებიც დედამიწაზე უჯრედების ნორმალური დაბერებისას შეინიშნებოდა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ დაბერების პროცესი კოსმოსში უფრო ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა.

„ამ ცვლილებების საფუძვლიანად გაგება არა მხოლოდ ასტრონავტების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, არამედ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების დაბერების პროცესის უკეთ გაგებასა და დაავადებების მკურნალობაში გვეხმარება", — თქვა ჯემისონმა.