„ვუთხარი: თქვენ უნდა შეძლოთ, მე თავიდან გავცოცხლდე-მეთქი“- როგორ აუხდა 12 წლის ოცნება ერთ დღეში ნინო ძოწენიძეს

ნინო ძოწენიძე

არაჩვეულებრივი და ნიჭიერი მომღერალი ნინო ძოწენიძე ბოლო დროს სიახლით გამოჩნდა. მან ერთ დილას გაფიქრებული აზრი კარგად დაგეგმა, შეკრიბა ნიჭიერი მუსიკოსები და 12 წლის ოცნება, პრაქტიკულად, ერთ დღეში აისრულა. „ახალი ნეო“ – ასე დაარქვეს შეკრებილმა მუსიკოსებმა ჯგუფს და ისინი სულ მალე, სიახლეებით გაანებივრებენ გემოვნებიან მსმენელს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა:

„ადრე მყავდა ბენდი – ჯგუფი „ნეო“. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. ერთ დღესაც გავიღვიძე და ისევ ბენდის შეკრება მომინდა. დავურეკე ჩემს მეგობარს, ყოფილი ბენდის წევრს, თორნიკე სირაძეს და ვუთხარი: მიმიძებნე ბიჭები-მეთქი. ჩაერთო ამ საქმეში და ძალიან მალე მოხერხდა ძალიან ნიჭიერი მუსიკოსების შეკრება. ბევრი ვიფიქრეთ ბენდის სახელზე და ბოლოს, გადაწყდა, „ახალი ნეო“ გამეკეთებინა. ასე რომ, „ახალი ნეოს“ შექმნის იდეა, პრაქტიკულად, ერთ დილას გაჩნდა და დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. მთელი ცხოვრება მიყვარს და მომწონს ცოცხალი მუსიკა, ბენდთან სიმღერას კი მომღერლისთვის აბსოლუტურად სხვა მუხტი აქვს და ბენდის ეს ახალი გაცოცხლება ნიშნავს იმას, რომ ახალი შემართებითა და ახალი შემოქმედებითი იდეებით დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ მსმენელს. სარეპეტიციო დარბაზი ჯგუფმა „მიქსტურამ“ გვათხოვა და ამისთვის დიდი მადლობა მათ. ნელ-ნელა დავიწყეთ, გადავიღეთ პრომოები, რეპერტუარი მზად გვაქვს და ვაპირებ, ბენდთან ერთად, აქტიურად ჩავება ბევრ კონცერტში. მიხარია, რომ იმ დილით გავიღვიძე ბენდის შექმნის იდეით და 12 წლის ოცნება ერთ დღეში ამიხდა. უცებ მოხერხდა ჩვენი შეკრება. ზოგადად, არ მიყვარს რაღაცების გაწელვა, დიდხანს ფიქრი და დაგეგმვა. თუ რამე მინდა, მინდა იმ დღესვე, ხვალ შეიძლება, გადავიფიქრო ან დამეზაროს. ასეთი ხასიათი მაქვს (იცინის).

– ბენდში ბიჭები არიან და მხოლოდ შენ ხარ გოგო?

– კიდევ ვამბობ, ძალიან მალე მოხდა ამ ყველაფრის თავის მობმა და არაჩვეულებრივი ჯგუფი შევიკარით: არაჩვეულებრივი მუსიკოსები – ძმები ჟორდანიები, გიორგი და ლაშა, სოლო გიტარა – 23 წლის არაჩვეულებრივი ნიკუშა ბრეგვაძე, არაჩვეულებრივი დრამერი, ბასი, კლავიში და ასევე, მომღერალი მარიამ ლიკლიკაძე, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის. თან, მე ხომ ნიჭიერებაზე ვგიჟდები და ეს ყველა ადამიანი საოცრად ნიჭიერია. რომ შევიკრიბეთ, ვუთხარი: თქვენ უნდა შეძლოთ, მე თავიდან გავცოცხლდე-მეთქი და ეს არაჩვეულებრივად მოახერხეს. შემიძლია, თამამად ვთქვა, ერთმანეთს ვაცოცხლებთ და ერთობლივად სასიამოვნო გარემოსა და სიმღერებს ვქმნით,“-ამბობს ნინო.