„ტორტების პიკნიკი“ სიდნეიში - ღონისძიებაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა

ტორტების პიკნიკი

ავსტრალიაში, სიდნეის სამეფო ბოტანიკურ ბაღში „ტორტების პიკნიკი“ გაიმართა - ღონისძიება, რომელზეც დასწრების მსურველებს თან ტორტი უნდა მოეტანათ. ღონისძიებამ 500-ზე მეტი ადამიანი გააერთიანა.

პროექტის ავტორი Google-ის თანამშრომელი და მოყვარული კონდიტერი, ელისა სუნგაა. მან 2 წლის წინ სან-ფრანცისკოში უბრალო ონლაინ მიწვევა გამოაქვეყნა ერთი პირობით: ყველას უნდა მოეტანა ტორტი. მას შემდეგ იდეამ მასშტაბური სახე მიიღო და პიკნიკზე დასასწრები ბილეთები დუბაიში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მომენტალურად იყიდება.

ღონისძიების მთავარი წესი მარტივია: მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა მოტანილი ტორტი მკაცრად განსაზღვრულ ზომებს (მინიმუმ 20 სმ სიგანე და 7.5 სმ სიმაღლე) უნდა აკმაყოფილებდეს. სიდნეის შეკრებაზე ათასგვარი დესერტი გამოიფინა - კლასიკური სტაფილოს ნამცხვრებიდან დაწყებული, ეგზოტიკური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური არომატებითა და მეტრის სიმაღლის გედის ფორმის საკონდიტრო შედევრებით დამთავრებული.

ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, ეს არის არა შეჯიბრი, არამედ დღესასწაული, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური ნეგატივისგან განტვირთვაში ეხმარება. მოყვარული თუ პროფესიონალი კონდიტერები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ულამაზესი ხედების ფონზე სხვადასხვა ტკბილეულს აგემოვნებენ.