1728499899
სახლი, რომელშიც Purple Rain გადაიღეს, Airbnb-ზე ქირავდება
პრინსის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში ჩასულ ტურისტებსა და სტუმრებს იმ სახლში დარჩენა შეეძლებათ, სადაც Purple Rain არის გადაღებული. სახლი პლატფორმა Airbnb-ზე შეზღუდული დროით ქირავდება და ამ შესაძლებლობით 100-მდე სტუმარი ისარგებლებს.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ორსართულიანი სახლი ყავისფერი ფასადით გარედან არც იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, შიდა ინტერიერში ბევრი საკულტო ნივთია. ზედა სართულზე სტუმრებს დიდი გარდერობი დახვდებათ. შუშის სათავსოში პრინსის ნაცვამი საკულტო კოსტიუმები ინახება. გარდერობში ასევე განთავსებულია კოსტიუმები, რომლებიც დამქირავებლებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
Purple Rain-ის სახლი კომერციული მიზნებით არ ქირავდება. მასში ღამის გათევის სანაცვლოდ სტუმრებმა სულ რაღაც 7 დოლარი უნდა გადაიხადონ. გადასახადის რაოდენობას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან 7 მუსიკოსის საყვარელი ციფრი იყო. სახლი გასაქირავებლად 26 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
სახლი ფილმ Purple Rain-ის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქირავდება. სწორედ ამ ფილმმა და ამავე სახელწოდების ალბომმა აქცია პრინსი სუპერვარსკვლავად. სახლის გაქირავებაზე პასუხისმგებელი პირები არიან პრინსის ახლო მეგობრები – ლისა ქოულმანი და ვენდი მელვოინი. პროექტის ორგანიზატორები არიან პრინსის მემკვიდრეობის წარმომადგენლები და გლობალური მედია კომპანია Warner Bros. Discovery.
სახლის სარდაფში სტუმრებს შეუძლიათ ფილმში ნაჩვენები საწოლის ზუსტ ასლში დაიძინონ. დამქირავებლებს ასევე დახვდებათ 80-იანი წლების მაგნიტოფონი. სახლში არის ოთახი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა: გიტარაზე, პიანინოსა და დრამზე. ინტერიერში იისფერი დომინირებს, რაც პრინსის იმიჯისათვის დამახასიათებელი ფერი იყო.