რას ნიშნავს Labubu და როგორ მიიპყრო მან მსოფლიოს ყურადღება

ლაბუბუ

Labubu-ს თოჯინების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, ალბათ, თქვენამდეც მოაღწია… ამიტომ, ახლა ერთად გავიგოთ, რა არის და რატომ ატყდა ამხელა ამბავი. 

ინური სათამაშოების მწარმოებელი Pop Mart-ის ელფის მსგავსი არსება, რომელიც მონსტრად დაიბადა, ვირუსული მარკეტინგის მთავარი სამიზნე გახდა და არც ცნობილი ადამიანებისგან აკლია ყურადღება, იქნება ეს რიანა, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი თუ სხვა. თოჯინას შესაძენად ადამიანები გრძელ რიგებში საათობით დგებიან… შედეგად კი, პოპმარტის შემოსავალი თითქმის სამჯერ გაზარდა და, თუ არსებულ ვარაუდებს დავუჯერებთ, ჩინეთის რბილი ძალის მდგომარეობაც კი გააუმჯობესა ლაბუბუთი შეპყრობილობამ. როგორ მოვედით აქამდე? სანამ ამას გავიგებთ, მოდით, ჯერ მთავარ კითხვას ვუპასუხოთ:

მაინც, რა არის Labubu?

ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს და დიდად ვერც გაურკვევიათ, რატომ ატყდა ამხელა ამბავი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პერსონაჟის შესახებ… სინამდვილეში Labubu წარმოსახვითი პერსონაჟიც გახლავთ და ბრენდიც, თუმცა თავად სიტყვა არაფერს ნიშნავს. უბრალოდ The Monsters-ის სათამაშოების სერიების ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია, რომელიც, თავის მხრივ, კასინგ ლანგმა შექმნა ჰონკონგიდან. 

აღსანიშნავია, რომ Labubu-ს თოჯინები The Monsters-ის რამდენიმე სერიაში გვხვდება, მათ შორის Big into Energy, Have a Seat, Exciting Macaron და Fall in Wild.

როგორ მიიპყრო Labubu-მ მსოფლიოს ყურადღება?

სანამ მსოფლიო ლაბუბუს აღმოაჩენდა, მისი სახელი ჩინეთში საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა. ეს ამბავი კი Covid19-ის შემდეგ მოხდა - „პანდემიის დასრულების შემდეგ ბევრ ადამიანს ჩინეთში ემოციურად თავის დაღწევა სურდა… Labubu ძალიან შარმიანი, მაგრამ, ამასთან ქაოსური პერსონაჟი იყო, რომელიც სწორედ ამ ანტიპერფექციონიზმს გადმოსცემდა“. 

 ლაბუბუს პოპულარობამ ზრდა 2024 წლის აპრილში დაიწყო, როცა ტაილანდელი K-pop-ის სუპერ ვარსკვლავი Lisa ინსტაგრამზე ლაბუბუს თოჯინებით აზიარებდა ფოტოებს. ამას მოჰყვა სხვა სელებრითებიც და ასე ლაბუბუ საერთაშორისო ფენომენად ჩამოყალიბდა. ბეკჰემიც კი ლაბუბუს ჩუქნის თავის გოგონას…

რა დგას Labubu-ს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიღმა?

გულწრფელები რომ ვიყოთ, არავინ იცის. სხვა ვირუსული ტრენდების მსგავსად, ამის ახსნაც რთულია, მაგრამ პასუხები სწორ დროსა და გემოვნებაში უნდა ვეძებოთ. ამბობენ, რომ ლაბუბუ ჩინურ შემოქმედებითობას გვაზიარებს, ხარისხსა და კულტურას იმ ენაზე, რომელიც მსოფლიოსთვის გასაგებია.