რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საფრანგეთში ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, თავისი საფეხბურთო კარიერიდან, მაგრამ ცხადია, საქართველოში მუშაობასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად გასვლა, მისთვის დაუვიწყარი ემოციაა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება.
„სპორტი ემოციებია, ფეხბურთი განსაკუთრებით. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი მიღწევა იყო, საქართველოში მშვიდად ხუთ მეტრსაც ვერ გავდივარ, ხალხი მაჩერებს და ამის შესახებ მელაპარაკება. მაშინ რწმუნდები, რომ ეს ხალხი გაახარე და ისინი ამაყობენ. ჩემს ტიტულებს გავცვლიდი იმ ოთხთვიან პერიოდზე, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედი და შემდეგ იქ ვითამაშეთ. მართლა გავცვლიდი, რადგან მსგავსი ემოცია მანამდე არ განმიცდია. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ გუნდში საოცარი ატმოსფერო იყო. მაშინ არავინ იცოდა, არც ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა, რომ მამაჩემი ძალიან ცუდად იყო. ხშირად ტელეფონში ვიყურებოდი, რადგან დედაჩემის ან ჩემი დის ზარს ველოდი.
საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა, ამიტომაც, ვიქცეოდი თავშეკავებულად. საქართველოში რომ აღმოვჩნდი, თავიდან მეც არ მჯეროდა... „ბორდოსა“ და „ბაიერნში“ ანჩელოტისთან მუშაობის შემდეგ მინდოდა, დრო შვილისთვის დამეთმო, რომელიც გარკვეული პრობლემებით დაიბადა. ცოტა ხანი ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში ვიმუშავე, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ვკითხე, რა მინდოდა. მივხვდი, რომ რაღაც ახალი მინდოდა გამეკეთებინა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ვარიანტი. პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე, რომლებიც ჩემ დროს გერმანიაში თამაშობდნენ. თავიდან რთული იყო, რადგან საქართველოში კოვიდპანდემიის დროს ჩავედით, სასტუმროდან მე და ჩემი ასისტენტი, ადელ შედლი ვერ გავდიოდით. სასტუმროს ნომერში ვიყავით და ვუყურებდით მატჩებს, ვაკვირდებოდით ფეხბურთელებს, ბოლოს, ვილიზე და ძეზე თუ ვინმეს გვარი სრულდებოდა, ყველა სიაში შეგვყავდა (იღიმის).
კვარაცხელიას თვალებში თავიდანვე ნაპერწკლები დავინახე, რიბერის ჰგავდა, მოედანზე უშიშარი იყო, თავისუფლად თამაშობდა. სხვებსაც არ ეშინიათ, მაგრამ ასეთი ძლიერები არ არიან. კვარაცხელია ამბიციურია და მე ასეთი ხალხი მომწონს. ჩემი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში 30 წელზე მეტი ხნის წინ იყო. მაშინ ფეხბურთი ისეთი არ იყო, როგორიც დღესაა, სადაც 10 წლის ასაკიდან არიან მოთამაშეები, რომლებმაც იციან, რომ პროფესიონალები სურთ გახდნენ. არიან ოჯახები, რომლებიც ამისთვის მსხვერპლს იღებენ. ჩემთვის ეს სულაც არ იყო ასე. შესაძლოა, სხვა სპორტის სახეობებში უფრო ნიჭიერი ვიყავი. ერთ დღეს მამაჩემმა წამიყვანა სენტ ეტიენში ღია კარის დღეზე. სინამდვილეში არ მინდოდა წასვლა, არ მაინტერესებდა. მაიძულა და ვიტირე. მამაჩემს ყოველთვის უყვარდა ფეხბურთი. ის სენტ ეტიენის გულშემატკივარი იყო.
მეც მიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ მიყვარდა ფეხბურთი ისეთი, უბრალოდ, როგორიც იყო: სპორტი, სადაც მეგობრებთან ერთად ხარ. სულ ესაა. რთული პერიოდები ყოფილა, მაგრამ ეს ყველას ცხოვრებაშია, ბუღალტერი და ყასაბის. ეს ყველაფერი ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება. მე სოფლიდან ვარ. მე სოფ მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებაში პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა, მშვენიერი ბავშვობა მქონოდა. მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიყავი და დიახ, გარკვეულ მომენტში „მსხვერპლის გაღება“ მომიწია. მაგრამ რაზე ვსაუბრობთ? სახლიდან წასვლაზე ან ოჯახის რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერნახვაზე... ბევრად უარესი რაღაცები არსებობს.