მეცნიერებმა დაასახელეს დამატკბობელი, რომლის მცირე დოზით მოხმარებაც კი შესაძლოა საგანგაშო იყოს - ახალი კვლევა

ხელოვნური დამატკბობელი

ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი თითქმის ყველაფერში გვხვდება, საღეჭი რეზინებითა და გაზიანი სასმელებით დაწყებული, ნამცხვრებითა და ტკბილეულით დამთავრებული. თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ამ შაქრის შემცვლელის დაბალ დოზასაც კი, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს გულისა და თავის ტვინის ჯანმრთელობაზე. 

ესპანეთის ბიომასალების კოოპერატიული კვლევების ცენტრის მეცნიერები მამრ თაგვებს საკვებში ერთი წლის განმავლობაში უმატებდნენ მცირე ოდენობის ასპარტამს. ეს დოზა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ აძლევდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ადამიანისთვის ამჟამად დადგენილი მისაღები ყოვე დაახლოებით ერთი-მეექვსედის ეკვივალენტი იყო.

ამ თაგვებმა უფრო მეტი წონა დაკარგეს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა, ანუ მათ, რომლებსაც ასპარტამს არ აძლევდნენ; კვლევის დასასრულს, ჰქონდათ საშუალოდ 10-20 პროცენტით ნაკლები სხეულის ცხიმი. თუმცა, განუვითარდათ გულისა და თავის ტვინის დაქვეითების შემაშფოთებელი ნიშნები, რომლებიც შემდეგ კვლევებს საჭიროებს იმის დასადგენად, ხდება თუ არა ასეთი ეფექტები ადამიანებშიც.

„კვლევა აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების გრძელვადიან ზემოქმედებას შეიძლება მავნე გავლენა ჰქონდეს ორგანოების ფუნქციაზე მცირე დოზებითაც კი, რაც მიუთითებს, რომ მოხმარების ამჟამინდელი სახელმძღვანელოები კრიტიკულად უნდა გადაიხედოს“, - წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ასპარტამის მომხმარებელი თაგვების გულებს შემცირებული ჰქონდათ ტუმბოს ეფექტიანობა, ასევე აღენიშნებოდა მცირე სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები. მკვლევართა განცხადებით, ეს მიუთითებს წარმადობის დაქვეითებაზე და გულის დატვირთვის მატებაზე.

იმ თაგვებში, რომლებიც ასპარტამს იღებდნენ, ასევე შეიცვალა გლუკოზის — ანუ ძირითადი საწვავის შეწოვა. თავიდან ის გაიზარდა, მაგრამ ექსპერიმენტის მიწურულს, ანუ წლის ბოლოს, მნიშვნელოვნად დაეცა. ამან შესაძლოა ტვინს წაართვას ენერგია, რომელიც მას სათანადო ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

ასპარტამმიღებულ თაგვებში ეს აისახებოდა იმაში, რომ უფრო უჭირდათ მეხსიერებისა და სწავლის ამოცანების შესრულება, რაც კოგნიტურ დაქვეითებაზე მიუთითებს. მაგალითად, თაგვები, რომლებიც ასპარტამს მოიხმარდნენ, უფრო ნელა მოძრაობდნენ და მეტი დრო სჭირდებოდათ ლაბირინთებიდან თავის დასაღწევად.

„შემაშფოთებელია, რომ გამოყენებული მსუბუქი რეჟიმი, რომელიც საკმაოდ დაბლაა ადამიანთათვის ნებადართულ მაქსიმალური მაჩვენებლის ეკვივალენტზე — ანუ, ეძლეოდათ ორ კვირაში მხოლოდ სამი დღით — ცვლის გულისა და ტვინის ფუნქციას და გულის სტრუქტურას“, — წერენ მკვლევრები.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სხვა კვლევების კონტექსტში განვიხილოთ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კოგნიტური ცვლილებები შედარებით მსუბუქი იყო, ვიდრე წინა კვლევებში, რომლებშიც თაგვები უფრო მოკლე პერიოდით, მაგრამ ყოველდღე მოიხმარდნენ ასპარტამს.

წყარო: