ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებულების პროცესზე სამედიცინო კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხნენ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის დეტალები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება საიდუმლო შესყიდვით გაფორმდა.

პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, იმ კომპანიების ორი წარმომადგენელი დაიკითხა, რომლებმაც აპარატურა შემოიტანეს.

„შემდგომში ამ პირველმა კომპანიამ მიჰყიდა მეორე კომპანიას, მეორე კომპანიამ - მესამეს და მესამემ მეოთხეს. სწორედ ამ მეოთხისგან შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ეს აპარატურა საბოლოო ჯამში იმგვარი ფასნამატით, რომ როგორც მოწმეებმა დაადასტურეს, ეს იყო დაახლოებით სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე რეალურად ბაზარზე არის. სწორედ ამას ამბობს ბრალდების მხარე, რომ არარეალური გარიგებებია შედგენილი ამ აპარატურის შეძენის პროცესში, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა სახის კომპანიები. მაგრამ ეს ყველაფერი არის იმის დასაფარად, რომ არ გამჟღავნებულიყო ამ თანხის მითვისების პროცესი”, - განაცხადა პროკურორმა.

ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა.