„მამა, ნეტავ შეგეძლოს დაინახო, რამდენ ადამიანს უყვარხარ“ - სოფო ნემსაძის ემოციური პოსტი

კჯკლჯ

გიორგი ნემსაძის შვილი, სოფო ნემსაძე მამას ემოციურ სიტყვებს უძღვნის და ქართველ ხალხს მწუხარების გაზიარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც სოფო ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს, ხალხმა კიდევ ერთხელ დაანახა თუ რამხელა ადამიანი იყო მამა.

“არ ვიცი, როგორ უნდა დავიწყო… როგორ უნდა ვილაპარაკო წარსულში ადამიანზე, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო… მამა, ყველაზე დიდი მადლობა, რაც მინდა გითხრა, ის არის, რომ სწორედ შენ იყავი ჩემი მამა. მადლობა იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მაჩუქე. მადლობა შენი დიდი გულისთვის, შენი სიკეთისთვის, შენი თავმდაბლობისთვის და იმ საოცარი ადამიანობისთვის, რომლითაც ყველას ასე ძალიან უყვარდი. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, რომ გიორგი ნემსაძის შვილი ვიყავი, მაგრამ ამ დღეებში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რამხელა ადამიანი ყოფილხარ…

მამა, ნეტავ შეგეძლოს დაინახო, რამდენ ადამიანს უყვარხარ… მთელი საქართველო გემშვიდობება. შოტლანდიიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან მოდის შენი მოგონებები, სიყვარული და პატივისცემა. და ყველაზე მეტად ის მავსებს სიამაყით, რომ ადამიანები მხოლოდ დიდ ფეხბურთელს კი არა, პირველ რიგში, საოცრად დიდ ადამიანს ემშვიდობებიან. ადამიანს, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც მიაღწია, ყოველთვის დარჩა თავმდაბალი, უბრალო, უშუალო და ყველასთვის სიყვარულით სავსე. მინდა, მთელი გულით მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს.!!!!

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ უმძიმეს დღეებში ჩვენ გვერდით იდგა. ვინც მოვიდა, ვინც შორიდან გაგვიზიარა ტკივილი, ვინც მამაჩემზე ერთი თბილი სიტყვა მაინც დაწერა და ვინც ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით გააცილა უკანასკნელ გზაზე. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმის დანახვა, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენთვის მთელი სამყარო იყო, ამდენი ადამიანის გულშიც ასეთ დიდ ადგილს იკავებდა. მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა. მამა, შენ მთელი საქართველოს სიყვარული დაიმსახურე, მე კი ყველაზე დიდი ბედნიერება მერგო — შენი შვილი ვყოფილიყავი.

შენგან ყველაზე ძვირფასი რამ დამრჩა შენი კეთილი სახელი და რაც მთავარია ჩემი დედიკო და ჩემი ძმები! გპირდები ამ ყველაფერს მთელი ცხოვრება გავუფრთხილდები. მინდა, დათიმაც იცოდეს, როგორი საოცარი ბაბუა ჰყავდა და როგორი სიყვარულით ახსოვს ის ამდენ ადამიანს. მთელი საქართველო გემშვიდობება, მამა… მე კი ვერასდროს დაგემშვიდობები. მადლობა, რომ ჩემი მამა იყავი. მიყვარხარ უსასრულოდ და მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ გიორგი ნემსაძის შვილი ვარ. ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!” – წერს სოფო ნემსაძე.

✕