„ნიჭიერის“ მე-12 სეზონი - გამორჩეული მონაწილეები, დაუჯერებელი ნომრები და ნამდვილი ემოციები „რუსთავი 2-ის“ ეთერში ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე

ნიჭიერი

ყველაზე სარისკო და სანახაობრივი ნომრებით ყველაზე სახალხო შოუს მონაწილეები "ნიჭიერის" სცენას დაუბრუნდნენ და თქვენთან შესახვედრად ემზადებიან.

როგორ დასრულდება სარისკო ნომერი? ექნება თუ არა ამ მომღერალ პატარა გოგოს ჟიურის მხარდაჭერა - ჯერ ეს ყველაფერი საიდუმლოა, თუმცა კადრებიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ გართობა და მხიარულება წინ გველის. ყოველ სამშაბათს, საღამოს 10 საათზე.

"ნიჭიერის" მე-12 სეზონზე დიდი ხალხმრავლობაა. ეს ადამიანები საკუთარი ნიჭის გამოსავლენად იმ სცენაზე მოვიდნენ, სადაც ოცნებები ხდება. ზოგიერთისთვის ეს სცენა ბავშვობის ოცნებაა, ზოგიერთისთვის კი შესაძლებლობა, რომ ერთხელ მაინც გაიცნოს მთელმა ქვეყანამ, რა ცოდნისა და უნარების მატარებელია.

აქ ასაკს, პროფესიას, გამოცდილებასა თუ წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და გქონდეს გამბედაობა გამოხვიდე სცენაზე, სადაც რამდენიმე წუთში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, შენი ცხოვრება კი თავდაყირა დადგეს.

"რუსთავი 2"-ის მეგაპროექტ "ნიჭიერის" მონაწილეებს განსხვავებული ისტორიები აქვთ, განსხვავებული შესაძლებლობები და მიზნები, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ - დიდი სურვილი, რომ ნიჭი საქვეყნოდ გააზიარონ.

ზოგიერთი მაყურებელს პირველივე წუთიდან აოცებს, ზოგი კი სცენაზე გამოსვლამდე საკუთარ შიშებს ებრძვის. მათთვის ეს შეიძლება გადამწყვეტი წუთიც კი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარბაზში ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები ელოდებიან. ოცნებებისთვის ბრძოლას არც ასაკი აქვს და არც გამოცდილება - ბედს აქ ყველა ცდის. არც სიხარულის ცრემლების ნაკლებობაა. ზოგჯერ ერთი გამოსვლა დარბაზსა და ჟიურის წევრებს ფეხზე აყენებს. მთავარია, მონაწილის მონდომება, ნიჭიერება და გულწრფელობა დაინახონ.

"ნიჭიერის" მთელი გუნდი დღედაღამ მუშაობს იმისთვის, რომ პროექტი მაყურებელს ღირსეულად წარუდგინოს. ოპერატორები, ტექნიკური ჯგუფის წევრები, მემონტაჟეები, პროდიუსერები და "ნიჭიერის" უცვლელი წამყვანები, თიკა ფაცაცია და არჩილ სოლოღაშვილი.

"ნიჭიერის" კულისებში უამრავი ადამიანი ელოდება თავის რიგს. ზოგი ხმას ავარჯიშებს, ზოგი გიტარას აწყობს, ზოგი კი აკრობატული ნომრისთვის ხელსაწყოებს ამოწმებს.

ამ მაგიდასთან მსხდომები "ნიჭიერის" მეგაპროექტში მთავარ სიტყვას ამბობენ - ეს "ნიჭიერის" ჟიურია. ვარსკვლავური პროექტის ვარსკვლავური შემადგენლობა.

"ნიჭიერის" სცენა ზოგიერთისთვის პირველია, მაგალითად, ბრაზილიურ ჰანგებზე აცეკვებული გოგოსთვის, რომელმაც ცხრა მთა და ცხრა ზღვა გამოიარა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო. შორეული სან-პაულოდან პირდაპირ "ნიჭიერის" ჟიურიში - კიდევ უფრო მეტი შოუსთვის და დიდი თავგადასავლისთვის, იმისთვის, რომ "ნიჭიერი" შინ და გარეთ კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტად გადააქციოს. ჟესიკა კაიანი, ანუ ჯიექი, როგორც მას უწოდებენ, მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერია და სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა აქვს.

ჯიექის ისტორია კონკიას სცენარს ჰგავს და ისიც ზღაპრის გმირივით გვიყვება, ერთ დღეს მის ცხოვრებაში ყველაფერი როგორ შეიცვალა. ახლა ყველაფერი აქვს რაზეც ოცნებობდა და ამას დაუღალავი შრომით მიაღწია.

რამდენი ოცნება იწყება იქ, სადაც ვიღაც საკუთარ თავს პირველად ეუბნება - მე ეს შემიძლია. ხელმოკლე ოჯახში გაზრდილმა გოგომ ამას მიაღწია. აღმოჩნდა, რომ საქართველოც ძალიან უყვარს, ქართულის სწავლა უნდა, ბრაზილიური სამბას ჰანგებს ქართულ ცეკვასაც უხამებს და არც ქართულ სამზარეულოზე ამბობს უარს.

"ნიჭიერში" ვერ გამოვიდა, მაგრამ საკუთარ ნიჭს გვიზიარებს ჯიექის თარჯიმანი, რომელსაც ბრაზილია ისე უყვარს, რომ მისი მოქალაქეც კი გახდა.

გურანდა ფაჩულია თავდაპირველად იტალიური ენის სპეციალისტი იყო, მოგვიანებით კი პორტუგალიურიც მშობლიურივით შეიყვარა.

"ნიჭიერის" სცენა პოპულარულ კახელ ცოლ-ქმარსაც დაეთმო. მიხომ და მარომ მთელი დარბაზი ააცეკვეს.

პაატა გულიაშვილს აქ კიდევ ერთი როლი აქვს - იყოს "ნიჭიერის" ჟიურის ერთ-ერთი ყველაზე ლმობიერი წევრი.

სანამ პაატა გულიაშვილს ახალ პიჯაკს შეუკერავს, დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს სულ სხვა საქმე აქვს - უნდა შეაფასოს ქალი, რომელმაც ხინკლის შეხვევა პირდაპირ "ნიჭიერის" სცენაზე გადაწყვიტა. აკრობატულ ნომერში კი თავადაც მოუწია მონაწილეობის მიღება.

მუსიკალურ ნომრებს პროფესიული კუთხით მომღერლები ნუცა ბუზალაძე და კახა გრიგალაშვილი შეაფასებენ.

მეგაპროექტ "ნიჭიერის" სულისჩამდგმელებს მოლოდინი აქვთ, რომ მაყურებელს დაუვიწყარ და გამორჩეულ სეზონს შესთავაზებენ, ქვეყნის საუკეთესო ნიჭიერის გამოსავლენად კი, მაყურებელს დაუვიწყარ შოუს ჰპირდებიან.

"ნიჭიერი" მხოლოდ კონკურსი არ არის, ეს არის ისტორიები ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე, მათზე, ვინც თვითგამოხატვის გზას ამ სცენაზე ხედავს, ნამდვილი ისტორიებითა და იმ ემოციებით, რომლებიც "რუსთავი 2"-ის ისტორიულ პროექტსა და მთელ ქვეყანას სამუდამოდ დარჩება.

✕